მსოფლიოში შრომითი მიგრაცია სულ უფრო და უფრო იზრდება. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ხშირად მიემგზავრება უცხო ქვეყნებში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად და ოჯახის სარჩენად. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.
შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.
დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ესპანეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით მძიმეა. საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 17%-ს აღემატება, განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობა ახალგაზრდებში. 2008 წლის კრიზისამდე ესპანეთი თავად ითვლებოდა მიგრანტების მიმღებ ქვეყანად, უმეტესად დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის, კრიზისის შემდგომ წლებში კი ესპანეთიდან ემიგრაცია გასამმაგდა.
ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად, შრომის ბაზარი ესპანეთში საკმაოდ განსხვავებულია: ბევრი სამუშაო ადგილი ითხოვს ძალიან მაღალ კვალიფიკაციას და ბევრიც – ძალიან დაბალს. თუმცა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ესპანეთში, ძირითადად, არასრული საშუალო განათლების მქონე მუშახელს ითხოვენ, რომელიც ე.წ. ელემენტარული პროფესიების შესასრულებლად არის საჭირო.
თავად ესპანეთში არაა დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე აპლიკანტების სიმცირე, მათ ურჩევიათ საკუთარი კადრები გადაამზადონ, ვიდრე მესამე ქვეყნიდან შეიყვანონ მუშახელი.
ესპანეთის დასაქმების ეროვნული სამსახური ყოველ კვარტალში აქვეყნებს პრობლემური ვაკანსიების ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით, რომლის საფუძველზეც დგება ე.წ. დეფიციტური პროფესიების/სპეციალობების სია. ასეთი სახით მიღებული დეფიციტური პროფესიების სია მიგრანტი მუშაკების მოსაზიდად გამოიყენება, რომლებიც შესაბამის პროფესიებს/უნარებს ფლობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ეს სია საკმაოდ შეთხელდა.
მიგრანტი მუშახელის დასაქმება ესპანეთში – პრაქტიკული რჩევები
იმისათვის, რომ ესპანეთში ლეგალურად დასაქმდეთ, უნდა მოიპოვოთ სამუშაო ვიზა და ბინადრობის უფლება.
სამუშაო ვიზის გაცემის დროს ხდება ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინება. კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქის სამუშაო უნდა ხვდებოდეს დასაქმების ეროვნული სამსახურის მიერ შედგენილ „დეფიციტური პროფესიების“ სიაში. თუ ამ სიაში არ ხვდება, დამსაქმებელმა ვაკანსია უნდა გამოაცხადოს დასაქმების სამსახურის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები ვერ მოიძიებენ შესაბამის კანდიდატს ვაკანსიისთვის ადგილობრივი ან ევროკავშირის მასშტაბით, მათ შეუძლიათ მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
– კონტრაქტის ასლი
– პასპორტი
– ცნობა ნასამართლეობის შესახებ
– ჯანმრთელობის ცნობა.
გაითვალისწინეთ, რომ ესპანეთში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეთ სოციალური უსაფრთხოების სისტემაში, რადგან დაურეგისტრირებლობა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნად ითვლება.
წყარო: sputnik-georgia.com
კომენტარები