კრიმინალისაბერძნეთი

კრეტაზე ამერიკელი მეცნიერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – მორიგი მანიაკი?

ამერიკელი მეცნიერის, 59 სიუზან იტონის მკვლელობის ბრალდებით კრეტის პოლიციამ 27 წლის ადგილობრივი ფერმერი დააკავა.

მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კრეტის რეგიონული პოლიციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოს ლაკუდაკისმა განაცხადა, რომ „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებით, 59 წლის ამერიკელი ქალის სხეულზე აღმოჩენილია ძალადობრივი დანაშაულის და შესაძლოა სექსუალური შეურცხყოფის ნიშნები“.

პრესკონფერენციაზე გახმოვანებული ინფორმაციის თანახმად, „27 წლის მამაკაცმა შეამჩნია კოლიმბარიში კადეტების ძეგლის ახლოს მორბენალი 59 წლის ქალი სპორტულ ტრუსებში. მან მანქანა უკან დახია და ქალს ორჯერ დაარტყა; შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა, როდესაც ნახა, რომ ქალი უგონოდ იყო, იგი საბარგულში მოათავსა და კატაკომბების მხარეს გაემართა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მღვიმესთან მისვლიდან მსხვერპლის შახტაში ჩაგდების მომენტამდე საათი და 20 წუთი გავიდა. ამ დროს, გამოძიების ვარაუდით, დამნაშავემ მხვერპლი გააუპატიურა, რის შემდეგაც მღვიმის სავენტილაციო შახტაში ჩააგდო“.

დაკავებულმა ფერმერმა აღიარა, რომ 2 ივლისის დღის მეორე ნახევარში სექსუალური აქტი ჰქონდა და თავიდან დანაშაულის მოტივი სექსუალური იყო. მისი მტკიცებით, როდესაც ამერიკელი ქალი გააუპატიურა, ის უგონოდ იყო, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

პოლიციამ უნდა გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა ბრალდებულის აღიარება სინამდვილეს (საჭიროა ზუსტად დადგინდეს სიუზან იტონის გარდაცვალების დრო). გარდა ამისა, ექსპერტიზის მონაცემებით, ქალს ნეკნები და ხელები აქვს დამტვრეული, დაზიანებულია მისი სახეც.

ღრმა ნაკაწრები ხელებზე მსხვერპლმა შესაძლოა მანქანის საბარგულში ყოფნისას მიიღო, ხოლო მოტეხილობების ნაწილი – შახტაში ჩაგდების გამო.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, შესაძლოა ქალი არ გაუგუდავთ, რაც ეჭვნიტანილის ჩვენებას ემთხვევა. სავარაუდოდ, ქალის სიკვდილი (სუნთქვის გაჩერება) გამოიწვია სასუნთქი გზების დაზიანებებმა (ნეკნების მოტეხილობის გამო).

ფერმერის თქმით, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილობრივ სასაფლაოზე წავიდა, რათა ტანსაცმელი მოეწესრიგებინა, მას არ ეგონა, რომ პოლიცია ოდესმე მის კვალზე გავიდოდა, მით უმეტეს, ვერ წარმოედგინა, რომ მსხვერპლს ლაბირინთში იპოვიდნენ, ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც პოლიციელები მის დასაპატიმრებლად მივიდნენ.

პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულის კვალზე სხვა დაზარალებულების ჩვენების შემდეგ გავიდა – 2 ქალი ამტკიცებდა, რომ მათ თავს დაესხათ თეთრი ავტომობილის მძღოლი (ისეთის, როგორიც ბრალდებულს ჰყავს). დაიწყო გამოძიება ფერმერის მიერ ჩადენილ სხვა სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით.

ტელეარხ „ალფას“ ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენების დროს განაცხადა, რომ არ შეუძლია საკუთარი ქმედებების კონტროლირება და შესაძლებელია „მანია“ სჭირს:

„როდესაც გონება მებინდება, მთლიანად მისი გავლენის ქვეშ ვარ და მაშინ თავს ვერ ვაკონტროლებ. შემდეგ კი, როცა ვიაზრებ, რაც ჩავიდინე, საშინლად ვნანობ ამის გამო“, – განაცხადა მან.

როგორ ჩანს, მამაკაცი სხვა სექსუალურ ძალადობებშიც არის გარეული, რის გამორკვევაც პოლიციას მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერის ნათესავებს დღემდე არ სჯერათ, რომ მას დანაშაულის ჩადენა შეეძლო. „არაფერი მესმის, – ამბობს ახლო ნათესავი, – მისი ქცევა ნორმალური იყო და არც შემდეგ (ბიოლოგის მკვლელობის მერე) შეცვლილა… მას არასდროს არავისთვის უწყენინებია და არც რაიმე პრობლემა გამოუვლენია. ჩანდა, რომ უყვარს თავისი ცოლი და შვილები“.

საპირისპირო აზრის არიან მეზობლები, რომლებიც ფერმერის უცნაურ ქცევაზე საუბრობენ: მათი თქმით, ერთხელ ის „აბაზანაში შევიდა ჩექმებით და ქურთუკით. როგორც ეტყობოდა, თავის ჩამოხრჩობა უნდოდა, მაგრამ ბიძამ, რომელიც უკან შეჰყვა, გადაარჩინა და წაართვა თოკი, რომელიც ხელში ეჭირა… მას თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა“.

ბრალდებულს უკვე მეორე ადვოკატი ჰყავს. პირველმა უარი თქვა „მანიაკის“ დაცვაზე და უფლებამოსილება მოიხსნა.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა ხვალ, 19 ივლისს გაიმართება.

ამავე თემაზე: კუნძულ კრეტაზე 2 ივლისს დაკარგული ამერიკელი მეცნიერის ცხედარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში იპოვეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close