ევროკომისიის პრეზიდენტად შვიდი შვილის დედა აირჩიეს – ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი?

ევროკომისიის პრეზიდენტად 60 წლის გერმანელი პოლიტიკოსი ქალი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს. იგი ისტორიის მანძილზე პირველი ქალია ამ პოსტზე. მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა (383 დეპუტატი) დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლუქსემბურგელი პოლიტიკოსი, ჟან-კლოდ იუნკერი შეცვალა. ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება 5 წლის ვადით გრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევამდე ქალბატონ ურსულას გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა (2013 წლიდან). აღსანიშნავია, რომ იგი ამ პოსტზეც პირველი ქალი იყო.

ურსულა იქსელში (ბრიუსელი) დაიბადა, სადაც მამამისი ერნესტ ალბერტი ევროკომისიაში მუშაობდა; 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიუსელიდან ლერტეში (ჰანოვერი, გერმანია) გადავიდა საცხოვრებლად. ლერტეს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1977 წლიდან იგი ეკონომიკას სწავლობდა გიოტინგენისა და მიუნსტერის უნივერსიტეტებში, 1978 წელს, აგრეთვე, სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში, მოგვიანებით კი ჰანოვერში მედიცინას დაეუფლა.

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი ანგელა მერკელის თანამებრძოლია. იგი 1990 წელს შეუერთდა ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას და პარტიის წევრი გახდა. 2005 წელს მერკელმა იგი საოჯახო საკითხების, ასაკოვანი მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების ფედერალურ მინისტრად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ ურსულა ბუნდესტაგში აირჩიეს. 2009-2013 წლებში იგი გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრი იყო.

წარმატებული პოლიტიკოსის კარიერის ფონზე ურსულა პირად ცხოვრებასაც დიდ ყურადღებას უთმობს. იგი შვიდი შვილის დედაა, რაც პოლიტიკური კარიერის მქონე არათუ გერმანელი, არამედ, ზოგადად, ქალისთვის უჩვეულოა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები