დეივიდ დათუნას მიერ შესრულებული ვლადიმირ პუტინის პორტრეტი 400 ათას ევროდ გაიყიდა
საქართველოში დაბადებული ამერიკელი ხელოვანის, დეივიდ დათუნას მიერ შესრულებული ვლადიმირ პუტინის პორტრეტი უცნობმა ბიზნესმენმა 400 ათას ევროდ შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეივიდ დათუნას რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის დახატვა 2018 წელს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს სთხოვეს.
„ყოვლისმხედველი ვ“ („All-seeing V“) – ასე ჰქვია ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარს.
„რუსეთში ჩემი პირველი სტუმრობის ბოლოს მთხოვეს პუტინის პორტრეტის შექმნა ისეთი სტილით, როგორიც ავირჩიე. მისი ყოფნა ყველგან იგრძნობოდა. სწორედ ასე დავინახე მე ის – „ყოვლისმხედველი ვ“, – ამბობს დეივიდ დათუნა.
ეს ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვრის მიერ შესრულებული პუტინის პირველი პორტრეტი არ არის. 2011 წლის ოქტომბერში მან რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი ინსტალაცია მონა ლიზას მინიატურული ნახატებისგან შექმნა. დათუნას ეს ნამუშევარი მოსკოვის ხელოვნების გამოფენაზე 268 ათას დოლარად გაიყიდა.
დეივიდ დათუნა თბილისში დაიბადა. 1999 წლიდან იგი მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად, დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს.
თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი „განცალკევებული ორგანიზმია“. თავისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო – მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა. ნამუშევარი შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზით და მისი ღირებულება მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.
კომენტარები