მიწის ნაკვეთის ზონირების კორექტირებისთვის მოქალაქეებმა თბილისის მერიას უნდა მიმართონ
თბილისის საკრებულომ, დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ახლახან დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ფუნქციური დანიშნულება შეეცვალა.
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მსგავსი მიწის ნაკვეთების მფლობელებს შეუძლიათ, დედაქალაქის მერიას მიმართონ და ზონირების კორექტირებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ, ჩვენი ინიციატივით, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალათ ფუნქციური დანიშნულება. თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გენგეგმის მიღებამდე ჰქონდა სამშენებლო ზონის სტატუსი, დღეს კი რეკრეაციული ან სატყეო სტატუსი მიენიჭა, ეს კერძო მესაკუთრისთვის პრობლემას წარმოადგენს. სხვათა შორის, გენერალურ გეგმაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, ერთადერთი შემაფერხებელი, რის გამოც მისი მიღება ვერ ხდებოდა, სწორედ ეს საკითხი იყო, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენერალურ გეგმაში უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში.
…იმ მოქალაქეებს, ვისაც სიტუაცია გაუუარესდათ, გენგეგმის მიხედვით შეუძლიათ, მუნიციპალიტეტს მომართონ და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ ისინი არ დაზარალდნენ. ამიტომ იაქტიურეთ და მოგვმართეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები