კრიმინალისაზოგადოებახელოვნებასაქართველო

ყაზბეგში ადგილობრივებმა MOUNTEM SET: KAZVEGI-ს საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს

ფესტივალ MOUNTEM SET: KAZVEGI-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ შარაშიძე აცხადებს, რომ 24 ივნისს ფესტივალის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი შეიჭრა კონკრეტული პირების ორგანიზებით, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ.

როგორც მარიამ შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დარბევის შედეგად, დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები.

„Mountain set & mixmag-ის ორგანიზებით 28, 29, 30 ივნისს ყაზბეგში ტარდებოდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი არტისტები. მსგავსი და მოცემული მასშტაბების სახის ღონისძიება პირველად ტარდებოდა სტეფანწმინდაში. ფესტივალის ორგანიზების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმოიქმნა უთანხმოება. აქტივისტებს მიაჩნდათ, რომ მოცემული ღონისძიება შეურაცხყოფას მიაყენებდა მათ სიწმინდეებს და ამის გამო მოგვიწია ლოკაციის შეცვლა. კერძოდ, ფესტივალმა გადმოინაცვლა ბიდარაში. ახალ ლოკაციაზე იგივე პიროვნებები სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სისტემატურად მოდიოდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ აქედანაც გაგვაძევებდნენ. ახლა უკვე ახალ მიზეზს ასახელებდნენ. მათი აზრით, მოცემული ფესტივალი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ ხასიათს ატარებდა. ზემოხსენებული პიროვნებების ორგანიზებით, ტერიტორიაზე შემოიჭრა ასობით მამაკაცი, რომლებმაც ტერიტორია დაარბიეს და ინვენტარი დააზიანეს. რამდენიმე მათგანმა სამუშაო იარაღები სახლშიც წაიღო. სამწუხაროდ, ადგილობრივი პოლიცია, ხალხის სიმცირის გამო, უძლური აღმოჩნდა ამ ფაქტის გასანეიტრალებლად“, – განაცხადა მარიამ შარაშიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 25 000 ლარის ზარალზე.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close