მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაქართველო

აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ვებგვერდზე აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ 11 ივნისს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილეა და ამ დღეს აშშ-მა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და მეგობრობის მთავარი პრინციპები.

„2009 წლიდან დღემდე აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. აშშ განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას და მიესალმება მათ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში საუბარია რუსულ აგრესიასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხრივ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი საქართველო უკეთ აღუდგება წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და დაიცავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მზად ვართ, გავაუმჯობესოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ საქართველოს ჰყავდეს ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებს ტერიტორიების დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერას. საქართველოს აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორები.

აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტს გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ გამეორდა 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს ურთიერობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას, რათა საქართველო მოემზადოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის. აშშ და საქართველო ერთგულნი რჩებიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას უჭერენ მხარს, მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის აუცილებელი, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას და წინააღმდეგობა გავუწიოთ მავნე ზემოქმედებას. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შეიქმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი თამაშის წესები და ხელშეწყობილი იყოს დემოკრატიული არჩევნები, განმტკიცდეს მედია პლურალიზმი, კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებში და გავუზიაროთ საქართველოს საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, ღია საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც მიჰყვება განვითარების მოწინავე პრაქტიკას და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევას.

ვგეგმავთ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას და მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოოს რეგიონული კავშირები, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი, ასევე, აღებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით, წინ წასწიოს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის მეთაურობით დაწყებული უმაღლესი დონის ვაჭრობისა და ინვესტიციების დიალოგი, სხვადასხვა ვარიანტის განხილვის გზით. ორივე მხარე შეთანხმდა, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა გააღრმავოს და გააფართოოს ეკონომიკური პარტნიორობა.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და აძლიერებს ჩვენს კულტურებს. ვაპირებთ, განვამტკიცოთ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კუთხით კავშირები, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად ვიმოქმედოთ იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე და რომელსაც მოაქვს სარგებელი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

წყარო: 1tv.ge

ავტორი: ლევან ახალაია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close