პირველად ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში – უეფას კომიტეტს ქართველი უხელმძღვანელებს
ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოსტზე უეფას აღმასკომის სხდომაზე აირჩიეს, რომელიც ბაქოში გაიმართა. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება, ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები – პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.
ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე- თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.
უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე გახდა, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი – უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი. მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოში საქართველოს ფეხბურის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას კანდიდატურა დაამტკიცეს, ხოლო უეფას მედიაკომიტეტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი ოთარ გიორგაძე იმუშავებს.
უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.
წყარო: 1tv.ge
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
კომენტარები