ჯანმრთელობა

„ოქროს რძე“ – დაამზადეთ მარტივად და დაივიწყეთ ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა

„ოქროს რძე“ იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ ყველას არგებს ყოველ საღამოს მისი დალევა

ამ საოცარი კოქტეილის მთავარი შემადგენელია კურკუმა (ყვითელი კოჭა). კურკუმის ფოთლებსა და ფესვში შედის ინტენსიური ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერება – კურკუმინი და ბევრი ეთერზეთი. „ოქროს რძის“ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მართლაც შეუფასებელია, ის კიბოს უჯრედებსაც აქტიურად ებრძვის, რადგანაც მის შემადგენლობაში ბევრი ანტიოქსიდანტია (ანტიოქსიდანტები – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს დაზიანებული მოლეკულებისაგან ათავისუფლებენ. ამ მოლეკულებს თავისუფალი რადიკალები ჰქვია და ისინი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება ჟანგვა-აღდგენითი პროცესების შედეგად, რომლებიც ყველა ორგანოსა და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ).

აი, „ოქროს რძის“ შთამბეჭდავი სასარგებლო თვისებები:

  • ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ანტიკანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) მოქმედება;
  • ქოლესტერინის დონის რეგულირება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღება;
  • ღვიძლის დეტოქსიკაცია (შხამების გამოდევნა);
  • წონის და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება;
  • ორგანიზმის ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნება;
  • მეხსიერების და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება;
  • ნევრალგიური დარღვევების დროს დახმარება.

„ოქროს რძისთვის“ თავიდან კურკუმის პასტა მოამზადეთ. ამისთვის საჭიროა:

1/4 ჭიქა (50 გ) კურკუმის ფხვნილი; 1/2 ჭიქა გაფილტრული წყალი (შეიძლება 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილის დამატებაც. შავი პილპილი შეიცავს ნივთიერება პიპერინს, რომელიც კურკუმის აქტიურ შეთვისებას ორჯერ ზრდის).

მომზადების წესი:

წყალი და კურკუმის ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ და 5-7 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. მიიღებთ მოოქროსფრო-მოყავისფრო მასას. ეს ნარევი მინის ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ – საჭირო არ არის მისი ყოველ წუთს მომზადება, როცა „ოქროს რძის“ მიღებას გადაწყვეტთ.

ძილის წინ აადუღეთ ერთი ჭიქა რძე (თუ ნუშის ან ქოქოსის რძე გექნებათ, უფრო უკეთესი, თუ არადა, ჩვეულებრივი ძროხის რძეც გამოდგება; შეიძლება თხის რძეც, თუ კუჭქვეშა ჯირკვალი არ გაწუხებთ), დაუმატეთ 1 ჩ/კ კურკუმის პასტა და 1/4 ჩ/კ ნუშის ზეთი (რომელსაც საჭმელში ხმარობენ. შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან პროდუქტის მაღაზიაში. თუ ვერ იშოვით, მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა). ყველა შემადგენელი, თაფლის გარდა, ერთმანეთში აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლი გამორთეთ, ცოტა შეაგრილეთ და შემდეგ აურიეთ თაფლი გემოვნებით. თაფლის ადუღება არ შეიძლება, რადგან სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. შეიძლება 1 ჩ/კ თაფლი პირდაპირ ჩაიდოთ პირში და კურკუმიანი რძე მიაყოლოთ. კურკუმის პასტა რძეში ბოლომდე არ იხსნება, ამიტომ რძეს ერთბაშად ნუ დალევთ, დანალექი კარგად უნდა აურიოთ და ბოლომდე მიიღოთ. ეს კოქტეილი გემრიელიცაა და ძილზეც კარგად მოქმედებს – მშვიდად დაგეძინებათ. უკვე 3 დღის შემდეგ დაინახავთ შედეგს: ენერგია მოგემატებათ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

„ოქროს რძე“ აღადგენს სისხლძარღვთა სისტემის კაპილარულ ქსელს, ასუფთავებს მას, ხელს უშლის მარილების დაგროვებას, აუმჯობესებს სახის ფერს და აახალგაზრდავებს კიდეც ადამიანს.

ამ მკურნალობის კურსია 40 დღე და შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.

გაფრთხილება: თუ სანაღვლე გზების გაუვალობა გაწუხებთ ან ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, კურკუმის გამოყენება რეკომენდებული არ არის. კურკუმა ფრთხილად უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებენ და ადამიანებმა, რომლებიც სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (ასპირინი, ვარფარინი და სხვ.) სვამენ. საერთოდ, როდესაც რაიმე სახის მკურნალობას გადაწყვეტთ, ყოველთვის საჭიროა წინასწარ ექიმის კონსულტაცია, მით უმეტეს, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ.

„ოქროს რძე“ არის ინდური ხალხური მედიცინის რეცეპტი

მოამზადა კირა კარიაულმა

ამავე თემაზე: ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close