ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

თანამედროვე მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ბალახებისა და სანელებლების მეშვეობით შესაძლებელია ისეთი საშიში დაავადებების რისკის მინიმუმამდე შემცირება, როგორიც არის, მაგ., ალცჰაიმერის დაავადება და ავთვისებიანი სიმსივნეები.

ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ ბალახებს და სანელებლებს, თანამედროვე მკვლევარებმა კი შეძლეს სამეცნიერო დონეზე დაემტკიცებინათ ადამიანის ორგანიზმზე ბალახების და სუნელ-სანელებლების მაკურნებელი ზეგავლენა.

ითვლება, რომ ბუნებრივ სუნელ-სანელებლებს ხელეწიფება არაერთი ისეთი ქრონიკული სენის დამარცხება, რომელიც თანამედროვე სამედიცინო მეთოდებით მკურნალობას ძნელად ექვემდებარება.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ „სხეულისა და გონებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სასარგებლო საკვები დანამატი მთელ მსოფლიოში ქურქუმაა (Curcuma aromatica L.).  ქურქუმა ინდური საკმაზის, ქარის ერთ-ერთი კომპონენტია (20-30%), თანამედროვე კვების მრეწველობაში კი მას გამოიყენებენ, აგრეთვე, მდოგვის დამზადებისას, მისთვის დამახასიათებელი ყვითელი ფერის მისაცემად.

ქურქუმის ფესვში შედის ნივთიერება კურკუმინი, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტად ითვლება და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო მოქმედება აქვს. კურკუმინი ამცირებს ტკივილს ართრიტის დროს, მას ეფექტიანად იყენებენ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, კარგად მოქმედებს ტრავმების დროსაც. ამჟამად მეცნიერების კვლევები მიმართულია მისი ეფექტიანობის დამტკიცებისკენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედების, დიაბეტის და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობაში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კურკუმინი ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. ამ ნივთიერების ზემოქმედებით სიმსივნური უჯრედების დაყოფა-გამრავლება ნელდება, ითრგუნება ფერმენტები, რომლებიც კანცეროგენების გააქტიურებას განაპირობებენ.

ამერიკელი მეცნიერების მიერ აზიის პოპულაციებში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ქარის (ინდური სანელებელი), კოგნიტურ ტესტებში უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც არც მაინცდამაინც უყვარს სანელებლები. შედეგების გაანალიზების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ქურქუმის დამსახურებაა, უფრო ზუსტად, კურკუმინის და მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, რაც ხელს უწყობს არა მარტო მეხსიერების გაუმჯობესებას, არამედ იცავს ტვინს მეხსიერებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, მათ შორის, ალცჰაიმერისგან. სპეციალისტთა თქმით, ამას განაპირობებს კურკუმინის უნარი, მოაშოროს ქოლესტერინის დანალექები (ბალთები) თავის ტვინის სისხლძარღვებს, რითაც თავიდან აცილებს ალცჰაიმერის დაავადებას და დაავადების შემთხვევაში კი მის პროგრესირებას ანელებს. სხვა კვლევები აჩვენებს, რომ კურკუმინი ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს გაფანტული სკლეროზის პრევენციისთვის.

ქურქუმის ისტორია და ტრადიციები

ინდოეთში ქურქუმა წმინდა მცენარედ ითვლება, რამდენადაც მას თერაპიულ და სამედიცინო ტრადიციებში, აგრეთვე, აიურვედაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია თავისი თვისებების წყალობით, რაც ადამიანის ორგანიზმის გაწმენდაში გამოიხატება. ის ხშირად გამოიყენება ციებ-ცხელების, ართრიტის, ანთებების, აგრეთვე, საჭმლის მონელების დაღვევებისა და ღვიძლის დაავადებების დროსაც კი, ჭრილობების შესახორცებლად და გაციების საწინააღმდეგოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ქურქუმა ტიბეტურ და ჩინურ ხალხურ მედიცინაშიც იხმარება.

ძველ საბერძნეთში ქურქუმას საჭმელში არ იყენებდნენ, ძირითადად, მას სამოსის ქსოვილის ყვითლად შესაღებად ხმარობდნენ და მხოლოდ ძალიან გვიან გახდა ეს სანელებელი ტრადიციული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი.

ქურქუმა რაციონში

*დაამატეთ ქურქუმა ხილის და ბოსტნეულის ახალგამოწურულ ბუნებრივ წვენებსა და სმუზებში.

*პასტის ან ბრინჯის მომზადებისას მდუღარე წყალში ცოტა ქურქუმა მოათავსეთ.

*ეს სანელებელი შეგიძლიათ ჩართოთ სხვადასხვა სახის სალათების მარინადებში.

*თუ გულისრევას გრძნობთ ან უკვე გახდით ავად, ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ქურქუმა და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. სასურველია ეს ნარევი თბილი დალიოთ.

*უმჯობესია ქურქუმის მთლიანი ფესვი შეიძინოთ და არა – ფხვნილი, რადგან ეს უკანასკნელი მალე შედის რეაქციაში ჟანგბადთან და სამკურნალო თვისებებს კარგავს.

კირა კარიაული

კომენტარები