კრიმინალი

კვიპროსელი მანიაკი თუ ნაცისტი? – კუნძულზე ბრიტანელი ფსიქოლოგები ჩავიდნენ

კვიპროსელი სერიული მკვლელის, ნიკოს მეტაქსასის მიერ ჩადენილი დანაშაულები შემზარავია და ბუნებრივად იწვევს ადამიანთა უკიდურეს აღშფოთებას, მაგრამ ასევე ბუნებრივად ისმის კითხვა: რამ უბიძგა მას ასეთი საზარელი ქმედებისკენ? ყველაზე მარტივი ახსნა მკვლელის მანიაკალური მიდრეკილებებია, თუმცა შესაძლოა საქმე სხვაგვარად იყოს.

სანამ კვიპროსის პოლიცია მოკლულთა გვამებს ეძებს, კუნძულზე ხუთი ბრიტანელი ფსიქოლოგი ჩავიდა, რომლებიც ბრიტანულმა პოლიციამ მიავლინა. ისინი გამოძიების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, მათი მოვალეობა მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაა, რათა მისი მოტივაცია დადგინდეს. ფსიქოლოგები სხვა მსგავსი დანაშაულის ჩამდენების შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას ნიკოს მეტაქსასთან დაკავშირებულ მასალებთან შეადარებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მკვლელის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მის მიმართ გამოყენებულ სასჯელის ზომაზე გავლენას იქონიებს.

ამავე დროს, საყურადღებოა, რომ მკვლელის ყველა მსხვერპლი უცხოელია, თანაც იმიგრანტები. ამჟამად 7 მსხვერპლის ვინაობაა ცნობილი, მაგრამ მათი რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება. თუკი დადგინდება, რომ მკვლელი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია, ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ ირჩევდა ის მხოლოდ ემიგრანტებს და ხომ არ არის ეს დაკავშირებული მის იდეოლოგიურ შეხედულებებთან, როგორც ანდერს ბრეივიკის შემთხვევაში, როდესაც ნორვეგიელმა ნაცისტმა 2011 წელს 77 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ვერსიის დადასტურების შემთხვევაში პოლიციას საქმე კიდევ უფრო გაურთულდება, რადგან მოუწევს დაადგინოს, მკვლელი მარტო მოქმედებდა, თუ კუნძულზე რაიმე სახის ნაცისტური ორგანიზაცია არსებობს. ჯერჯერობით საქმე ბურუსითაა მოცული, ხოლო დანაშაულის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.

კვიპროსის მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ქვეყანაში, სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში მოქმედებდა მანიაკი მკვლელი და ეჭვიც არავის აუღია. ისინი პოლიციას ადანაშაულებენ იმიგრანტების ბედის მიმართ გულცივ დამოკიდებულებაში, რადგან არანაირი რეაგირება არ მოახდინეს რუმინელი და აზიელი მიგრანტი ქალების გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების თაობაზე პოლიციაში შესულ შეტყობინებებზე. ადამიანთა აზრით, პოლიციას რომ ამგვარი ფაქტებისთვის სათანადო ყურადღება მიექცია, შესაძლოა  ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო.

გიორგი ჯანელიძე

თუ დაგაინტერესათ სტატიამ, დაალაიქეთ

ამავე თემაზე: ამ დროისთვის კვიპროსელი სერიული მკვლელის 7 მსხვერპლია ცნობილი

კვიპროსელი ოფიცერი სერიული მკვლელობებისთვის დაიჭირეს, გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close