ათენის ყველაზე დიდი ეკლესიები
ათენში არსებობს ეკლესიები, რომლებიც არა მარტო ისტორიული მნიშვნელობით, არამედ ზომებითაც გამოირჩევა.
ყველაზე დიდია წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია. ტაძარი 1910-1930 წლებში აიგო, კედლების მოხატვა კი მოგვიანებით, 1984 წელს დასრულდა. ამჟამად წმინდა პანტელეიმონის ეკლესია სიმაღლით მეორეა საბერძნეთში და ერთ-ერთი უდიდესი – ბალკანეთში. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ ტარდება ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს.
მეორე ადგილზეა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია სინდაღმის მოედანთან ახლოს. ეს ტაძარი ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებს. ტაძრის მშენებლობა 1848 წელს დაიწყო და 1868 წელს დასრულდა. ტაძრის არქიტექტურა გამოირჩევა გოთიკური და ნეოკლასიკური ელემენტებით, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საბერძნეთის მეფეები გერმანული წარმოშობის იყვნენ.
სიდიდით მესამე ადგილზეა დიონისე არეოპაგელის სახელობის ეკლესია, რომელიც 1923-1931 წლებში აიგო. ეს საკმაოდ საინტერესო ტაძარია, რომელიც მაღალი ხარისხის მოზაიკით არის მოხატული. დამახასიათებელი აკუსტიკა და ფერები ეკლესიას განუმეორებელს ხდის ლიტურგიის დროს.
წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესია ომონიაზე ქართველებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია. მისი მშენებლობა 1871 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. ტაძრის აგება დედოფალ ოლღას პატრონაჟით განხორციელდა.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: სტამბოლის ქართველთა სავანე
კომენტარები