ხელოვნებაკულტურა

„თვითნასწავლი ჯადოქარი“ – ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ ნიკო ფიროსმანზე წერს

ცნობილი ფრანგული გამოცემა LE FIGARO პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა ელფერით“.

სტატიის ავტორი ფიროსმანს „კავკასიელ რუსოს“ უწოდებს (ანრი რუსო, 1844-1910 წწ. – ფრანგი თვითნასწავლი მხატვარი, ნაივური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი) და წერს, რომ 1918 წელს გარდაცვლილი „კავკასიელი რუსო“ თანამედროვე ხელოვანებს აჯადოებს.

„ფერი, ნახატი, ფანტაზია, მოულოდნელი ჰარმონია დაბრუნდა. ვტკბებით ამ ხორცშესხმული სამყაროთი, როდესაც ტილოდან ტილომდე მივყვებით ნიკო ფიროსმანის (1862-1918), თვითნასწავლი მხატვრის და ჯადოქრის, ეპოპეას. სიღატაკეში, კიბის ქვეშ, მტვრიან ფარდულში გარდაცვლილმა მიუსაფარმა მხატვარმა მოიხელთა თავისი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, მისი ქეიფები ღია ცის ქვეშ და მისი შავოსანი ქალები, მილიარდერები და ღატაკები, მისი მთები და ღამით მოსეირნე დათვები. დანარჩენი კი გამოიგონა – ჟირაფი, აქლემი და ლომი“, – წერს ავტორი (Valérie Duponchelle).

ფიროსმანის გამოფენა ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში, საფრანგეთის ქალაქ არლში 2 მარტს გაიხსნა. მანამდე გენიალური ქართველი მხატვრის ნამუშევრები ვენის ალბერტინას მუზეუმში იყო გამოფენილი. არლში ფიროსმანის 29 ტილოა წარმოდგენილი, რომელთა ნახვის შესაძლებლობა ფერწერის მოყვარულებს პირველ ივნისამდე აქვთ.

ნინო ლურსმანაშვილი

http://www.lefigaro.fr/arts-expositions/niko-pirosmani-la-georgie-sur-tous-les-tons-20190408

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close