არალეგალურ მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის მიზნით, ავსტრია გეგმავს, 2019 წლის ნოემბრამდე გაახანგრძლივოს სასაზღვრო კონტროლი უნგრეთსა და სლოვენიასთან.
„დიახ, ჩვენ გვსურს ამ კონტროლის კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივება. მომავალ კვირას წერილს გავუგზავნით ევროკომისიას. ჩვენ მარტონი არა ვართ, რადგან სხვა ქვეყნებიც ასევე მოიქცევიან და ეს ჩვენი უფლებაა“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა.
მისი თქმით, ავსტრიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის გაზრდა დაფიქსირდა, ამის გარდა, კვლავ მაღალია ტერორიზმის ფარული საფრთხე. „ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას შეიძლება მოჰყვეს სირიასა და ერაყში არსებული საომარი მოქმედების ზონებიდან „ბოევიკების“ დაბრუნება ევროპაში, მათ საცხოვრებელ ადგილებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა მოუწოდა ევროკავშირს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს არალეგალური მიგრაციის ეგრეთ წოდებულ „ბალკანურ მარშრუტს“.
შენგენის ზონაში შემავალი ევროპული სახელმწიფოების შიდა საზღვრების ოფიციალური კონტროლის ნებართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიცემა, თუმცა ავსტრიამ, გერმანიამ და კიდევ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ 2015 წლის სექტემბერში, მიგრაციული კრიზისის პიკის დროს, თავიანთ საზღვრებზე კონტროლი დააწესეს.
ავსტრიის მოთხოვნის პარალელურად, მიმდინარე წლის ნოემბრამდე გააგრძელოს საზღვრების კონტროლი, ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შიდა საზღვრების კონტროლის გააუქმებისკენ მოუწოდებს.
„თუ შენგენი არსებობას შეწყვეტს, ევროპა მოკვდება“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა ვაშინგტონში ვიზიტისას.
წყარო: „დოიჩე ველე“ (DW)
კომენტარები