ავსტრია საზღვრებზე კონტროლის ვადის გახანგრძლივებას აპირებს, ავრამოპულოსის თქმით კი, „თუ შენგენი არსებობას შეწყვეტს, ევროპა მოკვდება“

არალეგალურ მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის მიზნით, ავსტრია გეგმავს, 2019 წლის ნოემბრამდე გაახანგრძლივოს სასაზღვრო კონტროლი უნგრეთსა და სლოვენიასთან.

„დიახ, ჩვენ გვსურს ამ კონტროლის კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივება. მომავალ კვირას წერილს გავუგზავნით ევროკომისიას. ჩვენ მარტონი არა ვართ, რადგან სხვა ქვეყნებიც ასევე მოიქცევიან და ეს ჩვენი უფლებაა“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა.

მისი თქმით, ავსტრიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის გაზრდა დაფიქსირდა, ამის გარდა, კვლავ მაღალია ტერორიზმის ფარული საფრთხე. „ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას შეიძლება მოჰყვეს სირიასა და ერაყში არსებული საომარი მოქმედების ზონებიდან „ბოევიკების“ დაბრუნება ევროპაში, მათ საცხოვრებელ ადგილებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა მოუწოდა ევროკავშირს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს არალეგალური მიგრაციის ეგრეთ წოდებულ „ბალკანურ მარშრუტს“.

შენგენის ზონაში შემავალი ევროპული სახელმწიფოების შიდა საზღვრების ოფიციალური კონტროლის ნებართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიცემა, თუმცა ავსტრიამ, გერმანიამ და კიდევ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ 2015 წლის სექტემბერში, მიგრაციული კრიზისის პიკის დროს, თავიანთ საზღვრებზე კონტროლი დააწესეს.

მისივე თქმით, შენგენის ზონამ ნორმალური ფუნქციონირება უნდა აღადგინოს და გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ სასაზღვრო კონტროლი უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს.

2018 წლის ბოლოს გერმანიამ და ავსტრიამ სასაზღვრო კონტროლი 2019 წლის მაისამდე გაახანგრძლივეს, საზღვრებზე კონტროლი ასევე დაწესებული აქვთ საფრანგეთს, ნორვეგიას და დანიას.

ავრამოპულოსი ამბობს, ამ ქვეყნებს ჰქონდათ სასაზღვრო კონტროლის დაწესების მიზეზი, თუმცა ახლა „ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა მუშაობს“.

წყარო: „დოიჩე ველე“ (DW)

კომენტარები