დღის თემაისტორიასაზოგადოებასაქართველო

9 აპრილი – სისხლიანი ტრაგედიის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც ერი იყო გაერთიანებული, სწორედ ასეთი მომენტი იყო 1989 წლის 9 აპრილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც დღეს პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„მეც მაქვს პირადი ემოციები ამ დღესთან დაკავშირებით, რადგან მაშინ 21 წლის სტუდენტი სწორედ აქ გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად და განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ამ დღესთან. მაშინ დაიწყო ზუსტად ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის კიდევ დასრულებული არ არის, რადგან საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი. სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი მცდელობა და ყველა ქმედება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ფასდაუდებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც 30 წლის წინ თავი გაწირეს.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მფლობელი – გივი ნახუცრიშვილი

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. აქციის დარბევისას მომაკვდინებელი იარაღი გამოიყენეს: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

სადამსჯელო ოპერაციას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ფოტოკოლაჟი: on.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close