ახალი მიგრანტების რაოდენობა იტალიაში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
2019 წლის თებერვალში იტალიაში ზღვით მხოლოდ და მხოლოდ 60 მიგრანტი შევიდა. ეს ისტორიული მინიმუმია, ახალ მიგრანტთა რაოდენობა არასდროს ყოფილა ასეთი მცირე – იუწყება IL MESSAGGERO დღეს, 14 მარტს ევროპული სასაზღვრო და სანაპირო სამსახურის, FRONTEX-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
2018 წელს იტალიაში დაახლოებით 23 ათასი არალეგალური მიგრანტი ჩავიდა, 2017 წელს – თითქმის 119 ათასი.
2018 წელს იტალიაში 2017 წელთან შედარებით 61%-ით შემცირდა ბინადრობის უფლების მოთხოვნის თაობაზე განაცხადების რაოდენობაც – 2018 წელს იყო 49 ათასი განაცხადი, 2017 წელს – 127 ათასი. ამ მონაცემებს Tg Com 24 აქვეყნებს.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევები 2018 წელს 77%-მდე გაიზარდა (2017 წელს 56% იყო).
თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა მთლიანად ევროკავშირში შემცირდა 11%-ით (580 ათასი განაცხადი; ეს მაჩვენებელი 2014 წლის დონეზეა).
თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მხრივ ლიდერი გერმანიაა – 28%; გერმანიას მოსდევენ საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია.
იტალიის ახალმა ხელისუფლებამ, თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო მიგრანტების ნაკადების შემცირება და თავის პორტებში შესვლა აუკრძალა ხომალდებს, რომლებსაც არალეგალური მიგრანტები გადაჰყავთ.
2018 წლის მონაცემებით, იტალიაში მიგრანტთა ნაკადი 80%-ით შემცირდა. გასული წლის ნოემბრის ბოლოს იტალიამ მიიღო დეკრეტი უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც შემცირდა მიგრანტებისთვის გამოყოფილი ხარჯები და გამარტივდა არალეგალთა გასახლება ქვეყნიდან.
კომენტარები