საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანისას საჭირო ბინადრობის უფლების კატეგორიები

იმისათვის, რომ ნატურალიზაციის გზით შეიტანოთ საბერძნეთის მოქალაქეობაზე განცხადება, როგორც იცით, საჭიროა გქონდეთ ბინადრობის უფლების კონკრეტული კატეგორია, რომელიც კანონში ჩამოთვლილ ბინადრობის უფლებათა კატეგორიებიდან ერთ-ერთს განეკუთვნება. ანუ ნებისმიერი ბინადრობის უფლებით მოქალაქეობაზე განცხადებას ვერ შეიტანთ (გამონაკლისი იხ. ქვემოთ), თუნდაც კანონის ყველა სხვა დანარჩენ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეთ. მთლიანობაში, ბინადრობის უფლებების ის კატეგორიები, რომელთა საფუძველზეც შეგიძლიათ საბერძნეთის მოქალაქეობაზე, ნატურალიზაციის გზით, განცხადება შეიტანოთ, არის შემდეგი:

1.ბინადრობის ნებართვა ხანგრძლივად ცხოვრების საფუძველზე (ბერძ. «άδεια επί μακρόν διαμένοντος»).

2.საბერძნეთში ცხოვრების მოწმობა ან სხვა სახის ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა ევროკავშირის მოქალაქეებზე ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (ინგ. EFTA, “European Free Trade Association”) წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე (თუ ასეთი მოქალაქეობა არა გაქვთ და ხართ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ეს მოთხოვნა თქვენ არ გეხებათ).

3.ბინადრობის უფლება, რომელიც ეძლევათ საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრებს ან ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრებს ან საბერძნეთის არასრულწლოვანი მოქალაქის მშობლებს.

4.ბინადრობის უფლება, რომელიც ეძლევა ლტოლვილს (ბერძ. «Άσυλο») ან დამხმარე დაცვის სტატუსის (ბერძ. «Επικουρική Προσπασία») ქვეშ მყოფ პირს ან ზემო აღნიშნული ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრს (გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც უმეტესობას გაქვთ, არ არის „ასილო“ ანუ დევნილის სტატუსი/თავშესაფარი, არამედ მხოლოდ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე).

5.სამოგზაურო დოკუმენტები, რომლებიც გასცა ადგილობრივმა უწყებამ მოქალაქობის არმქონე პირების სტატუსის შესახებ ნიუ-იორკის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

6.ნებისმიერი სხვა სახის ბინადრობის უფლების საბუთი, რომელიც ეძლევა ბერძნული წარმოშობის პირს, ბერძნული წარმოშობის სპეციალური პირადობის მოწმობის გარდა.

7.მეორე თაობის ბინადრობის უფლება.

8.ბინადრობის უფლება განუსაზღვრელი დროით ან 10-წლიანი ბინადრობის უფლება.

9.ბინადრობის უფლება საინვესტიციო საქმიანობის საფუძველზე ან ბინადრობის უფლება უძრავი ქონების მფლობელობის საფუძველზე ან ინვესტორის მუდმივი ბინადრობის უფლება.

10.თუ ზემოთ მოყვანილ ბინადრობის უფლებათაგან არცერთი გაქვთ, მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ შეძლოთ მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა. ამისათვის საჭიროა, განცხადების შეტანის დროს გქონდეთ ნებისმიერი სახის ბინადრობის უფლება (დროებითის გარდა), თუმცა ასეთ შემთხვევაში უნდა შეძლოთ დამატებით დაადასტუროთ, რომ საბერძნეთში კანონიერად ცხოვრობთ ბოლო 12 წლის განმავლობაში.

პაატა სიმსივე, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close