უმბრია მეხუთე რეგიონია, რომელიც სალვინის „უსაფრთხოების დეკრეტის“ შემოღების მოწინააღმდეგე „კოლეგებს“ შეუერთდა. ამ რეგიონების პრეზიდენტები აპირებენ შს მინისტრ სალვინის ბრძანებულება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
უმბრიამდე ეს გადაწყვეტილება მიიღეს პიემონტმა, ტოსკანამ, ემილია-რომანიამ და კალაბრიამ; ლაციო ნიკოლა ძინგარეტის მეთაურობით ჯერ კიდევ ფიქრობს, შეუერთდეს თუ არა დეკრეტის მოწინააღმდეგეებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულ უარს ამბობს დევნილთა განთავსების ცენტრების დახურვაზე.
„უსაფრთხოების დეკრეტის“ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იტალიის რამდენიმე რეგიონულ საბჭოში წამოიჭრა, რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, „შეინარჩუნონ მომსახურების უცვლელი დონე იმ უცხოელთა ადრე აღიარებული უფლებების შესაბამისად, რომლებიც უკვე შემოვიდნენ იტალიის ტერიტორიაზე და დღეს გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან“.
როგორც ზემოაღნიშნული რეგიონების მაღალჩინოსნები აცხადებენ, დეკრეტი სერიოზულ დარტყმას აყენებს ადამიანის უფლებებს.
„აშკარაა, რომ სალვინის ბრძანებულებასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს, – ამბობს სატელევიზიო ინტერვიუში ტოსკანის პრეზიდენტი ენრიკო როსი. – ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგენილება უსაფრთხოებას უფრო მეტ ზიანს მოუტანს და ადამიანებს უფლებების გარეშე დატოვებს, არალეგალთა რიცხვს გაზრდის, აგრეთვე, კონტროლს გაართულებს“.
კომენტარები