2018 წლის პირველი 10 თვის შედეგებით, იტალიაში უმუშევრობის დონე 0,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 10,6% შეადგინა, – ეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა – ISTAT-მა გაავრცელა.
2018 წლის სექტემბერთან შედარებით კი ნოემბრის ბოლოსთვის უმუშევრობის დონე 0,2%-ით გაიზარდა. ამჟამად იტალიაში ოფიციალურად 2 მლნ 746 ათასი უმუშევარია.
ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ (მოქალაქეები 35 წლამდე) ნოემბრის ბოლოსთვის 32,5% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით მეტია, თუმცა 1,6%-ით ნაკლები, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სამუშაო აქვთ, სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, თუმცა 37 ათასით გაიზარდა იმ დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომლებსაც უვადო ხელშეკრულება გაუფორმეს, ხოლო ვადიანი ხელშეკრულებების რიცხვი 13 ათასით შემცირდა.
„უვადო კონტრაქტების რიცხვის ზრდა მოწმობს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული „ღირსების დეკრეტი“ (რომელიც სტიმულირებას აძლევს მუდმივი კონტრაქტის საფუძველზე ადამიანთა დაქირავებას და ართულებს დროებითი კონტრაქტების დადებას) უკვე მუშაობს“, – განაცხდა საინფორმაციო სააგენტო Ansa-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაიომ.
როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობა „კვოტა 100-ის“ შემოტანით და საპენსიო ასაკის შემცირებით სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებას აპირებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ რამდენიმე დღის წინ მედიასთან ინტერვიუში ეს რიცხვიც დაასახელა, 600 ათასი, და გამოთქვა ვარაუდი, რომ გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებს ახალგაზრდები დაიკავებენ.
29 ნოემბერს რომში, მონტეჩიტორიოს სასახლეში გამართული ძირითადი ჯგუფების ლიდერთა კონფერენციის შემდეგ მედიასთან კომენტარში სალვინიმ განაცხადა, რომ „კვოტა 100“ მომავალი წლის დასაწყისიდან ამუშავდება: „არა იანვარში, რადგან ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოესწრება, მაგრამ არც აპრილში – თებერვალში უკვე შევა ძალაში“. როგორც მოგეხენებათ, „კვოტა 100“ ნიშნავს, რომ პენსიაზე გასვლა შეუძლია ადამიანს, რომლის ასაკის და სტაჟის ჯამი 100-ზე არანაკლებია (მაგ., 62 წლის ადამიანი 38-წლიანი სტაჟით). თუმცა სალვინი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია, იტალიის მოქალაქეს შეეძლოს პენსიაზე გასვლა 41-წლიანი სამუშაო სტაჟის შემთხვევაში (ანუ ასაკს უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა). იტალიის მთავრობა გეგმავს, ეს წესი თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შემოიტანოს.
აქვე იმასაც დავძენთ, რომ 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით (ISTAT), იტალიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა (თუმცა 0,1%-ით ნაკლებით, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ).
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები