საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში გრიპის ვირუსისგან გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა წლევანდელ სეზონზე

საბერძნეთში ოფიციალურად დარეგისტრირდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც გრიპის გართულებებმა გამოიწვია, – ამის თაობაზე ინფექციური დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრში (ΚΕΕΛΠΝΟ) განაცხადეს.

49 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი А ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა ქრონიკული დაავადების გამო,  იგი აცრილი არ იყო.

გრიპის თაობაზე მეცნიერები წლეულს ჯერჯერობით პროგნოზებს ვერ აკეთებენ, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ, დიდი ალბათობით, გრიპის შემთხვევათა რიცხვი შობისთვის გაიზრდება, ვირუსის გავრცელება კულმინაციას მიაღწევს იანვრის ბოლოსა და თებერვალში და მარტის შუა რიცხვებიდან  დაიკლებს. ზემოაღნიშნული ცენტრის (ΚΕΕΛΠΝΟ) ინფორმაციით, 19-25 ნოემბრის პერიოდში გრიპის სიმპტომებით ექიმთან მიმართვიანობა მინიმალური იყო.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ძირითადად, ოქტომბერსა და ნოემბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აცრის ჩატარება ნებისმიერ დროს შეიძლება, განსაკუთრებით – მაღალი რისკის ჯგუფებში: ბავშვებსა და ხანდაზმულებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, აგრეთვე, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი ვაქცინა, ექსპერტების აზრით, უსაფრთხოა და შეიცავს ვირუსის კონკრეტულ შტამებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. გრიპის საწინააღმდეგო აცრა ვერ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას, თუმცა 70%-ში ამართლებს. მეცნიერთა მტკიცებით, სწორი გამოყენებისა და დროული აცრის შემთხვევაში ვაქცინა გრიპის ვირუსის გადაცემისგან იცავს ადამიანს და დაავადებებისას კი სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. სპეციალისტები, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის წესების განუხრელი დაცვა, როგორიც არის ხელების ხშირი დაბანა, აგრეთვე, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება, გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელებას ხელს უშლის.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close