ვის შეეხება საბანკო დავალიანებების განულება?
საქართველოს საბანკო ასოციაცია მთავრობის მიერ 600 000 მოქალაქისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით გაცხადებულ ინიციატივაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასოციაცია აკონკრეტებს, თუ ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება.
„საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი, ძირითადად, იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის პირველ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:
2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად, ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.
კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას“, – წერია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.
ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გუშინ გახმოვანებული ახალი ინიციატივის თანახმად, 31 დეკემბრამდე 600 000 მოქალაქეს ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული დავალიანება გაუნულდება – ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარი. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
კომენტარები