პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ლომის ბოკვრის გაყიდვას ცდილობდა
თვე-ნახევრის ლომის ბოკვერი პოლიციამ პარიზის გარეუბანში, ვალანტონში, ერთ-ერთ ბინაში იპოვა რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე.
პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ სოციალურ ქსელში ტრიალებდა ვიდეო, რომლის მეშვეობითაც ვიღაც კაცი ლომის ბოკვრის გაყიდვას ცდილობდა და მყიდველს ეძებდა. ერთ-ერთი სამართალდამცველი მას დაუკავშირდა, როგორც პოტენციური მყიდველი, და გაიგო 30 წლის კაცის ადგილსამყოფელი და ვინაობა. კაცი პოლიციისთვის კარგად ნაცნობი კრიმინალი აღმოჩნდა, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, ბინის გაძარცვის მუხლით.
როდესაც ანტიკრიმინალური ბრიგადის პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, კაცმა მოასწრო გაქცევა, ხელში ბოკვერთან ერთად. პოლიციელებმა მიხვდნენ, რომ იგი მეზობლის სახლში დაიმალა, ისარგებლეს იმით, რომ სახლის მფლობელი მოვიდა და ბინაში შევიდნენ. დამნაშავე ტანსაცმლის კარადაში იმალებოდა, ხოლო ლომის ბოკვერი, რომელიც „ბუთქუნა კატას ჰგავდა“ (ერთ-ერთი სამართალდამცველის თქმით) – ბავშვის საწოლში იყო მოკალათებული.
კაცი ირწმუნებოდა, რომ ბოკვერი იპოვა და შეიფარა. პოლიციამ, ცხადია, არ დაიჯერა მისი მონაყოლი და ვარაუდობს, რომ მან ბოკვერი ერთ-ერთი ზოოპარკიდან მოიპარა, რასაც გამოძიება დაადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ბოკვერს 10 ათას ევროდ აფასებდა.
სპეციალისტების თქმით, პატარა დედალი ლომი აბსოლუტურად ჯანმრთელია და ერთ-ორ თვეში იგი 3-ჯერ მოიმატებს ზომაში.
კირა კარიაული
წყარო: Le Parisien
კომენტარები