ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ყირიმის ხიდი ააფეთქეს – რა მიზანი ჰქონდა უკრაინის სპეცოპერაციას?

The Times-ის ინფორმაციით, უკრაინული ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო პუტინისთვის სიმბოლური დარტყმის მიყენება ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრის წინ. ხიდის დასაზიანებლად უკრაინამ დრონები და რაკეტები გამოიყენა, ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა.

უკრაინამ 16-17 ნოემბერს ყირიმის ხიდზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც საავტომობილო მონაკვეთის ნაწილი და ერთ-ერთი საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა. ეს რუსეთისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის დაზიანებაა, არამედ მძიმე სიმბოლური დარტყმაც – ხიდი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წარმოაჩენდა, სერიოზულად დაზიანდა.

ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი რუსეთის პრეზიდენტის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება იყო დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ. ამის შესახებ გამოცემას უკრაინის თავდაცვის ძალების ანონიმურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც ხიდზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით შეტევაში მონაწილეობდა.

„ჩვენ ეს სიმბოლურ ჟესტად დავგეგმეთ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრამდე, რათა გვეჩვენებინა, რომ პუტინი სუსტია“, – ციტირებს The Times-ი უკრაინელ სამხედრო პირს.

მისი თქმით, პუტინს ჩინეთში გამგზავრება ისე მოუწევს, რომ ყირიმში ჩასვლის შესაძლებლობა აღარ ექნება.

როგორ განხორციელდა ყირიმის ხიდზე შეტევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმა რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპეცოპერაციის მეშვიდე, საბოლოო ეტაპი იყო. ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კოორდინირებდნენ.

ზელენსკის განცხადებით, გადამწყვეტ დარტყმამდე უკრაინულმა ძალებმა თანმიმდევრულად გაანადგურეს ხიდის დამცავი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა სამხედრო ობიექტები.

საბოლოო ეტაპზე უკრაინამ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გამოიყენა. ზელენსკის ინფორმაციით, „პალიანიცას“ ტიპის დრონებმა ხიდის საავტომობილო მონაკვეთს შეუტიეს, ხოლო სარკინიგზო ნაწილზე დარტყმები „ნეპტუნის“ რაკეტებით, „რუტას“ დრონებითა და FP-5 „ფლამინგოს“ რაკეტებით განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „ფლამინგოს“ გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ მისი საშუალებით ზუსტი დარტყმა განხორციელდა.

Euronews-ის ცნობით, ოპერაციის სხვადასხვა ეტაპზე სულ 11 ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. მათ შორის იყო უკრაინული წარმოების დრონები და ფრთოსანი რაკეტები.

უკრაინამ ოპერაცია Starlink-ის გარეშე ჩაატარა

ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ უკრაინულ მხარეს, მისი წარმომადგენლის განცხადებით, შეტევის დროს Starlink-ისა და სამხედრო დანიშნულების Starshield-ის ტერმინალები არ გამოუყენებია.

The Times-თან საუბრისას უკრაინელმა სამხედრო პირმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ დაადასტურა უკრაინის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეექმნა რადიოსიგნალების გადაცემის არხები.

„პირველად ისტორიაში დრონების მთელი ჯგუფი გამოვიყენეთ რაკეტებისთვის ვიდეოსიგნალის გადასაცემად, რამაც ხიდზე ზუსტად განსაზღვრული წერტილების დაზიანების შესაძლებლობა მოგვცა. დავამტკიცეთ, რომ ასეთი ოპერაციების ჩატარება Starlink-ის გარეშეც შეგვიძლია“, – განაცხადა მან.

ეს განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული მხარე Starshield-ის მუშაობაზე დაწესებულიშეზღუდვების დრონების ოპერაციებზე შესაძლო გავლენის შესახებ საუბრობდა.

რატომ არის ყირიმის ხიდი ასეთი მნიშვნელოვანი პუტინისთვის

ყირიმის ხიდი ქერჩის სრუტეზე გადის და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 19 კილომეტრია.

რუსეთმა ხიდის მშენებლობა 2016 წელს, ყირიმის 2014 წლის ანექსიისდან 2 წლის შემდეგ დაიწყო. პროექტის ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. საავტომობილო მოძრაობა ხიდზე 2018 წელს გაიხსნა, სარკინიგზო მიმოსვლა კი 2019 წელს დაიწყო.

ხიდს პუტინისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მშენებლობით კრემლს სურდა ეჩვენებინა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთება შეუქცევადი პროცესი იყო. პუტინმა ხიდი პირადად გახსნა და ის რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის კონტროლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

თუმცა ხიდის მნიშვნელობა მხოლოდ პოლიტიკით არ შემოიფარგლება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის რუსული სამხედრო ძალების მომარაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მისი საშუალებით ოკუპირებულ ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა საჭირო მარაგები მიეწოდებოდა.

ამიტომ ხიდის დაზიანება რუსეთისთვის ერთდროულად სამხედრო, ლოგისტიკური და პოლიტიკური პრობლემაა.

რა მდგომარეობაშია ხიდი და რას აპირებს რუსეთი

16-17 ნოემბრის შეტევების შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ხიდის საავტომობილო მონაკვეთის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი თაღოვანი კონსტრუქცია ჩამონგრეულია.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეტევების შემდეგ საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, თუმცა კონსტრუქციის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საავტომობილო მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო სარკინიგზო ნაწილი დაზიანებული თაღის მიუხედავად შენარჩუნებულია. ხიდის დაზიანების სრული მასშტაბი დამოუკიდებლად ჯერ არ გადამოწმებულა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ხიდი აღდგება და იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა კი ვლადიმირ პუტინს ხიდის მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თუმცა უკრაინელი სამხედრო პირი The Times-თან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ხიდის აღდგენის მცდელობებს არ დაუშვებს და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს ზამთარშიც შეუტევს.

მოსკოვმა თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

ყირიმის ხიდზე თავდასხმას მოსკოვი მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, რომელიც ტერორისტულ აქტს ეხება.

უწყების განცხადებით, 16 და 17 ნოემბერს უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ყირიმის ხიდს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც კონსტრუქცია დაზიანდა. საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამჟამად თავდასხმის ყველა გარემოებასა და მასში მონაწილე პირებს ადგენს.

ყირიმის ხიდზე თავდასხმების ისტორია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა ყირიმის ხიდს ესხმის თავს.

2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საავტომობილო მონაკვეთის ნაწილი დაზიანდა, ხანძარი კი სარკინიგზო შემადგენლობას მოედო. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

2023 წლის 17 ივლისს ხიდზე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც საავტომობილო მონაკვეთი კვლავ დაზიანდა.

ორივე შემთხვევაში რუსეთმა ხიდის აღდგენა შეძლო და მოძრაობა განაახლა.

თუმცა 2026 წლის ნოემბრის ოპერაცია მასშტაბითა და მომზადების ხანგრძლივობით განსაკუთრებულად გამოირჩევა. უკრაინული მხარის განცხადებით, ამჯერად დარტყმას წინ უძღოდა ხიდის დაცვის სისტემების ეტაპობრივი განადგურება, ხოლო საბოლოო შეტევაში სხვადასხვა ტიპის დრონები და რაკეტები გამოიყენეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მუდმივი თავდასხმების საპასუხო მოქმედება იყო.

ყირიმის ხიდის მძიმე დაზიანება რუსეთისთვის სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემას ქმნის. ხიდის აღდგენამდე ნახევარკუნძულზე სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების მიწოდება მნიშვნელოვნად გართულდება, ხოლო რუსეთს მომარაგებისთვის ალტერნატიული სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების გამოყენება მოუწევს. ამასთან, უკრაინული მხარის დარტყმების საფრთხის გამო, ეს მარშრუტებიც უსაფრთხო არ არის.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close