ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის შეურაცხყოფას გამოეხმაურა – რა თქვა მიტროპოლიტმა და რატომ გააკრიტიკა ხელისუფლება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) მისამართით სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს გამოეხმაურა. ამის მიზეზი მეუფე იობის მიერ ხელისუფლებისა და სასულიერო პირთა ნაწილის მწვავე კრიტიკა გახდა.
„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ, ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“, – განუცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“.
საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც 10 ნოემბერს მეუფე იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მოქმედი ხელისუფლება და ეკლესიის წარმომადგენელთა ნაწილი მკვეთრად გააკრიტიკა.
რა თქვა მეუფე იობმა ხელისუფლებაზე და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე
მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მათი შერწყმის მცდელობა შეინიშნება.
„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, – განაცხადა მეუფემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დაფინანსება სასულიერო პირთა ნაწილისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის, რაც მათ დამოუკიდებლობასა და სიმართლის თქმის შესაძლებლობაზე უარყოფითად აისახება.
„როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მან განსაკუთრებით გააკრიტიკა ის სასულიერო პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ და მრევლისგან იმავეს მოითხოვენ, რასაც თავად არ ასრულებენ.
„ქადაგებ, რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ – აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები?! ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა მეუფე იობმა.
მიტროპოლიტმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და საზოგადოებამ მომავალში უკეთესი არჩევანი უნდა გააკეთოს.
„განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“, – აღნიშნა მან.
მეუფემ ასევე ისაუბრა კორუფციაზე, ნარკოტიკების გავრცელებაზე, აზარტულ თამაშებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებულ მასალებზე, რომლებიც სასულიერო პირთა სავარაუდო ფარულ მიყურადებას ეხებოდა.
მეუფე იობი სააკაშვილის ხელისუფლებასაც მკვეთრად აკრიტიკებდა
მიტროპოლიტ იობის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ მისი ადრინდელი საჯარო პოზიციებიც. მეუფე იობი ხელისუფლების კრიტიკას არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ერიდებოდა.
2010 წელს მან პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას „სულიერი ოკუპაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის „დროებით“ ფიზიკურ ოკუპაციაზე უარესი იყო.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მასალის თანახმად, მიტროპოლიტმა მაშინ ოპოზიციას, მათ შორის, მოძრაობა „ერსა და ბერს“, მოუწოდა, შეეჩერებინათ ის, რასაც თავად ქვეყნის სულიერ ოკუპაციად მიიჩნევდა.
იმავე პერიოდში მეუფე იობი ოპოზიციური „სახალხო კრების“ იდეასაც ღიად მიესალმა. მისი პოზიცია მაშინ საპატრიარქოს პრესცენტრმა მიტროპოლიტის პირად მოსაზრებად შეაფასა.
ეს ისტორიული ეპიზოდი მნიშვნელოვანია: მეუფე იობი ხელისუფლების კრიტიკას არც მაშინ ერიდებოდა, როდესაც ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო. შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადებების მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად წარმოჩენა არასწორი და უსამართლო იქნებოდა.
მოგვიანებით, მიტროპოლიტი იობი სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. მათ შორის, 2014 წელს ციხეში მოინახულა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, ხოლო მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასაც ითხოვდა.
როგორ გამოეხმაურნენ მეუფე იობის ქადაგებას
მიტროპოლიტის განცხადებებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მარიამ ლაშხმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობდა მეუფე იობის ქადაგებაზე, მოკლედ უპასუხა: „ღმერთმა შეუნდოს“.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, პარტიის ყოფილმა პიარკონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა კი სოციალურ ქსელში მეუფე იობის სახელზე სიტყვების თამაშით უხამსი გამონათქვამი გამოაქვეყნა. მან რუსული ფრაზა ქართული ასოებით დაწერა და დაურთო განმარტება, რომ რუსულმა შრიფტმა „გაჭედა“.
შეიძლება თუ არა გინებისთვის ლაშა ნაცვლიშვილი დააჯარიმონ?
ამგვარმა რეაქციებმა საზოგადოების ნაწილში დამატებითი უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში ასევე გაჩნდა კითხვა, ვრცელდება თუ არა ლაშა ნაცვლიშვილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მეუფე იობის მისამართით გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და მსგავსი ქმედება, თუ ის საზოგადოებრივ წესრიგს ან მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, ისჯება:
- ჯარიმით 500-დან 3000 ლარამდე;
- ან ადმინისტრაციული პატიმრობით 20 დღემდე.
ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ტექსტის სამართლებრივი შეფასება კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.
კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსმა მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“ ლაშა ნაცვლიშვილის საქციელი გააკრიტიკა და მას აღსარების ჩაბარება ურჩია. ეპისკოპოსის თქმით, მეუფე იობს ბიბლიური პატრიარქის სახელი ჰქვია და ამ სიტყვაზე კალმბურის აგება, მისი გინებისთვის გამოყენება შეურაცხყოფის მიყენებაა არა მეუფე იობისთვის, არამედ ბიბლიური პატრიარქის სახელისთვის.
ნანა ძნელაძე
p. s. მკითხველს შევახსენებთ, რომ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. 2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე იგი პატრიარქობის სამ ოფიციალურ კანდიდატს შორის შეარჩიეს.
კანდიდატებად დასახელდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საიდუმლო კენჭისყრის შედეგად მიტროპოლიტმა შიომ 20 ხმა მიიღო, ხოლო მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს 7-7 ხმა ერგოთ.
მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში დაიბადა. იგი 1996 წლიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიას ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში კი საპატრიარქოს სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა.
პატრიარქობის კანდიდატად მისი გამორჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მეუფე იობი ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობის საკითხებზე საკუთარ პოზიციას საჯაროდ და მკაფიოდ გამოხატავდა.
დაკავშირებულ თემაზე: პატრიარქის არჩევნები 11 მაისს



