მსოფლიოეკონომიკასაზოგადოება

ესპანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა – რას აპროტესტებენ მოქალაქეები

ესპანეთის ათეულობით ქალაქში 3 ოქტომბერს საცხოვრებლის გაძვირებისა და მოიჯარეთა დაცვის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, სევილიაში, მალაგაში, ბილბაოსა და სხვა ქალაქებში ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ვალენსიაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა.

აქციები განსაკუთრებით მასშტაბური იყო მადრიდში, სადაც დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან დაიძრნენ და საბოლოოდ სიბელესის მოედანზე (Plaza de Cibeles) შეიკრიბნენ. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, დედაქალაქის აქციაში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ორგანიზატორი – მოიჯარეთა პროფკავშირი/Sindicato de Inquilinas – 500 ათას დემონსტრანტზე საუბრობს.

აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქირის შემცირება და მოიჯარეთა დაცვის გაძლიერებაა. მადრიდის აქციის ორგანიზატორებმა ასევე მოითხოვეს უვადო ქირავნობის ხელშეკრულებები და საყოველთაო გაფიცვისთვის მზადების დაწყება გამოაცხადეს.

რატომ გამწვავდა ვითარება ესპანეთში

საცხოვრებლის კრიზისს ესპანეთში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, საცხოვრებლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა და საცხოვრებლის დაქირავებაზე მაღალი მოთხოვნა.

უძრავი ქონების პლატფორმა Idealista-ს მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს ესპანეთში საცხოვრებლის ქირა წლიურად 8,5%-ით გაიზარდა და საშუალოდ თვეში 14,7 ევროს მიაღწია კვადრატულ მეტრზე. მადრიდში ზრდამ 9,7% შეადგინა, ვალენსიაში – 6,4%, ბარსელონაში კი – 1,9%.

დიდ ქალაქებში ბინის ქირა კიდევ უფრო მაღალია. 2025 წლის დეკემბერში ბარსელონაში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 23,8 ევრო იყო, მადრიდში – 22,7 ევრო, ვალენსიაში კი – 15,9 ევრო.

სწორედ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის ფონზე გადაიზარდა ბოლო კვირების სოციალური უკმაყოფილება ქუჩის საპროტესტო მოძრაობაში.

87 წლის ქალის საქმემ პროტესტი გააძლიერა

მობილიზაციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა მადრიდში 87 წლის მარია დელ კარმენ აბასკალის, იგივე Maricarmen-ის გამოსახლების საქმე.

ქალი ბინაში 71 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 23 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ბინიდან გამოასახლეს. საქმე რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ქონების მესაკუთრის პოზიცია გაიზიარა.

საქმემ ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. Maricarmen-ის ბინა საინვესტიციო კომპანია Urbagestión-ს ეკუთვნის, ხოლო ქალისთვის შეთავაზებული ახალი ქირა მის შემოსავალზე გაცილებით მაღალი იყო.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: 28 სექტემბერს Maricarmen-ის წარმომადგენლებმა Urbagestión-თან შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი ხელშეკრულება რვა წლით გაფორმდება, ხოლო ქირა ქალის წმინდა შემოსავლის 30%-ს არ გადააჭარბებს. Maricarmen-მა შეთანხმება მიიღო და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნებას შეძლებს.

მთავრობის ახალი ზომები მოიჯარეების დასაცავად პარლამენტმა უარყო

პროტესტების ფონზე ესპანეთის მთავრობამ 29 სექტემბერს საცხოვრებლის სფეროში ორი საგანგებო დეკრეტი დაამტკიცა.

ერთ-ერთი ინიციატივა ითვალისწინებდა მოწყვლადი ადამიანების გამოსახლებისგან დაცვის მექანიზმების გაგრძელებას 2030 წლის ბოლომდე, ასევე, საინვესტიციო ფონდების მიერ საცხოვრებლის სპეკულაციური შესყიდვების შეზღუდვას და ქირავნობის ბაზარზე თაღლითური პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს.

მეორე დეკრეტი ქირით მცხოვრები ადამიანებისთვის კონტრაქტების უფრო მეტ სტაბილურობას ითვალისწინებდა. მათ შორის, ხელშეკრულების მინიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ავტომატური გაგრძელების მექანიზმს და მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გარკვეულ პირობებში კომპენსაციის გადახდას.

თუმცა სოციალისტ პედრო სანჩესის მემარცხენე კოალიციური მთავრობის მიერ მიღებული ორივე დეკრეტი ესპანეთის პარლამენტმა 2 ოქტომბერს უარყო. მათ წინააღმდეგ ხმა მისცეს, მათ შორის, სახალხო პარტიამ (PP), Vox-მა და Junts-მა. შესაბამისად, დაგეგმილი დაცვის ზომები ძალაში აღარ შევა.

ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ დღეს გამოცხადდა, როდესაც მადრიდსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში საცხოვრებლის საკითხზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ვალენსიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ვალენსიაში აქცია დაძაბულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილი ვალენსიის ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის კომპლექსთან მივიდა, სადაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღონისძიება – Valencia Real Estate Summit 2026 მიმდინარეობდა.

RTVE-ის ინფორმაციით, პოლიციამ ტერიტორიის დასაცავად დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მათ შორის, რეზინის ტყვიები.

ამასთან, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები, ძირითადად, მშვიდობიანად მიმდინარეობდა.

მადრიდში კი აქციების პარალელურად Puerta del Sol-ზე მომიტინგეებს უკვე რამდენიმე დღეა კარვები აქვთ გაშლილი. მოიჯარეთა მოძრაობა აცხადებს, რომ ქუჩის პროტესტის გაგრძელებას და საყოველთაო გაფიცვისთვის მზადებას გეგმავს.

ესპანეთში საცხოვრებლის პრობლემა ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ თემად იქცა. ახლანდელი საპროტესტო აქციებს ფონზე კი ისევ გააქტიურდა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე – კანონით, არჩევნები მომავალი წლის ზაფხულში უწევს.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close