კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 20 წლის ახალგაზრდა დევნის შემდეგ გარდაიცვალა – ორ პოლიციელს ბრალდება შესაძლოა განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდეს

20 წლის ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთის ქალაქ არგოსში პოლიციის დევნის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ საქმის სამართლებრივი კვალიფიკაცია შეიცვლება და ორი პოლიციელის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სავარაუდოდ, განზრახ მკვლელობის მუხლით დამძიმდება.

ახალგაზრდა 8 ივლისს, გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯერ არგოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი – ათენის KAT-ის კლინიკაში, სადაც თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობის გამო ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი პოლიციელი წინასწარ პატიმრობაში რჩება

საქმეზე ბრალდებული ΟΠΚΕ-ს (საბერძნეთის პოლიციის სპეციალური დანაყოფი) ორი თანამშრომელი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მათ თავდაპირველად ბრალი წარედგინათ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის გამოყენების წესების დარღვევის გამო, თუმცა ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ ბრალდების გადაკვალიფიცირება იგეგმება.

პოლიციელები ბრალდებას არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, ახალგაზრდა კაცის მოკვლის ან დაჭრის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ გაფრთხილების მიზნით რამდენჯერმე ისროლეს ჰაერში.

გამომძიებლებისა და პროკურორისთვის ეს განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეზე გრძელდება ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რომელი იარაღიდან განხორციელდა თითოეული გასროლა და რა მიმართულებით ისროდნენ სამართალდამცველები.

რა მოხდა დევნის დროს

საბერძნეთის პოლიციის (ΕΛ.ΑΣ.) ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცველებმა არგოსის მახლობლად, პირგელის რაიონში ჩვეულებრივი შემოწმების მიზნით ავტომობილის გაჩერება სცადეს. მძღოლი გაჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და დევნის დროს რამდენჯერმე სცადა პოლიციის ავტომობილებთან შეჯახება.

პოლიცია ასევე ადასტურებს, რომ იმ მომენტში სამართალდამცველებმა არ იცოდნენ, ვინ იჯდა საჭესთან, რადგან ავტომობილი სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული.

დევნის დასრულების შემდეგ, პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევა სცადა. სწორედ ამ დროს ორმა პოლიციელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იგი დაიჭრა, მათ შორის, თავის არეში.

გამოძიებამ ინციდენტის ადგილიდან 16 ვაზნა ამოიღო, ავტომობილთან ახლოს პნევმატიკური იარაღიც იპოვეს, თუმცა ამ ეტაპზე საჯაროდ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომ ახალგაზრდა კაცი მას პოლიციელების წინააღმდეგ იყენებდა ან მათ სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნიდა. ბალისტიკური და სასამართლო ექსპერტიზის შედეგები, სავარაუდოდ, ნათელს მოჰფენს ინციდენტის ზუსტ გარემოებებს.

ოჯახის პოზიცია

დაღუპულის დედის განცხადებით, მის შვილს აუტიზმი ჰქონდა, 89%-იანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით.

მისი თქმით, ახალგაზრდამ სახლიდან ავტომობილი ჩუმად გაიყვანა, სანამ მას ეძინა, რადგან საცურაოდ წასვლა სურდა. დედის ვარაუდით, იგი პოლიციის სიგნალზე არ გაჩერდა, რადგან მართვის მოწმობა სახლში დარჩა, ამის გამო შეეშინდა და პანიკაში ჩავარდა.

ოჯახის ადვოკატმა მარია სპეტსუმ ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდას არანაირი იარაღი არ ჰქონია და არავის ემუქრებოდა. ეს გარემოებები გამოძიების ფარგლებში შეფასდება, თუმცა ისინი ავტომატურად არ ცვლის პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას.

მინისტრი: „პოლიციის მოვალეობაა დამნაშავეების დაკავება და არა ბავშვების მოკვლა“

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა მომხდარს მკაცრი შეფასება მისცა.

მისი განცხადებით, პოლიციის მოვალეობაა დამნაშავეების დაკავება და არა ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. მინისტრის თქმით, იარაღის გამოყენების წესები მკაფიოდ არის განსაზღვრული და პირველ ადგილზე ყოველთვის ადამიანის სიცოცხლის დაცვა უნდა იდგეს.

მისივე შეფასებით, არგოსის ინციდენტის მონაწილე პოლიციელები არასწორად მოიქცნენ, დადგენილი წესებით დასაშვებ ფარგლებს გასცდნენ და შექმნეს სიტუაცია, რამაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close