საზოგადოებაეკონომიკასაბერძნეთი

13 ივლისს საბერძნეთში ზაფხულის დიდი ფასდაკლებები იწყება – რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა

საბერძნეთში ზაფხულის დიდი ფასდაკლებების სეზონი 13 ივლისს, ორშაბათს დაიწყება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. 50-დღიანი აქციების პერიოდი ქვეყნის საცალო ვაჭრობისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, მით უფრო, რომ ზაფხულში საბერძნეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს.

როგორ უნდა იყოს მითითებული ფასდაკლება

საბერძნეთის ვაჭრობისა და მეწარმეობის კონფედერაციის (ESEE) მოთხოვნების თანახმად, სავაჭრო ობიექტებმა ფასების მითითებისას გამჭვირვალობის წესები უნდა დაიცვან.

ფასდაკლების გამოცხადებისას გამყიდველი ვალდებულია მიუთითოს პროდუქტის წინა (რეფერენტული) ფასი. ეს არის ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც კონკრეტული საქონელი იყიდებოდა ფასდაკლებამდე 30 დღის განმავლობაში.

ფასის შემცირება შეიძლება მითითებული იყოს:

  • პროცენტული მაჩვენებლით (მაგალითად, -30%);
  • კონკრეტული თანხით;
  • ძველი და ახალი ფასის ერთდროული ჩვენებით.

კანონი მაღაზიებს უკრძალავს, ფასდაკლებამდე ხელოვნურად გაზარდონ პროდუქტის ფასი და შემდეგ დიდი აქციის სახით წარმოაჩინონ თითქოსდა მნიშვნელოვანი შეღავათი.

მომხმარებლებს ურჩევენ, შეადარონ ფასები სხვადასხვა მაღაზიაში და მხოლოდ ვიტრინაზე გამოტანილ დიდ წარწერას – „-50%“ – არ ენდონ.

მაღაზიები 19 ივლისს მუშაობას შეძლებენ

ფასდაკლებების დაწყების შემდეგ პირველ კვირა დღეს, 19 ივლისს მაღაზიებს სურვილის შემთხვევაში მუშაობის უფლება ექნებათ. კანონით რეკომენდებული სამუშაო საათებია 11:00-დან 20:00-მდე, თუმცა ადგილობრივ სავაჭრო გაერთიანებებს შეუძლიათ უფრო მოკლე სამუშაო გრაფიკი დააწესონ.

სავაჭრო სექტორი 7,4 მილიარდ ევრომდე ბრუნვას ელოდება

პირეოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Piraeus Chamber of Commerce and Industry) შეფასებით, ზაფხულის ფასდაკლებების პერიოდში საერთო ბრუნვამ შესაძლოა 7-დან 7,4 მილიარდ ევრომდე მიაღწიოს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 2-5%-იან ზრდას ნიშნავს.

თუმცა გაყიდვების რეალური მოცულობა, ანუ შეძენილი საქონლის რაოდენობა, შესაძლოა მხოლოდ 0-2%-ით გაიზარდოს. ეს მიუთითებს, რომ ბრუნვის ნაწილის ზრდა შესაძლოა არა მომხმარებელთა აქტიურობის, არამედ ფასების მატებით იყოს განპირობებული.

სავაჭრო სექტორი განსაკუთრებით ელოდება ტურისტების ნაკადს ათენში, პირეოსში, თესალონიკსა და პოპულარულ საკურორტო რაიონებში. სწორედ ტურისტები ქმნიან ყველაზე დიდ მოთხოვნას ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სეზონურ პროდუქციაზე.

ამავე დროს, ბერძნული ოჯახების შემოსავლები კვლავ შეზღუდულია, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბერძენ მომხმარებელთა უმეტესობა ფასდაკლებებს ფრთხილად მოეკიდება და მხოლოდ რეალურად ხელსაყრელ ფასად შეთავაზებულ პროდუქციას შეიძენს.

ფასდაკლების დიდი პროცენტი ყოველთვის არ ნიშნავს ხელსაყრელ შენაძენს!

საყურადღებოა, რომ ფასდაკლება ავტომატურად არ ნიშნავს მომგებიან შენაძენს. მომხმარებლის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს არა ვიტრინაზე გამოტანილი ციფრები, არამედ პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ბოლო 30 დღის განმავლობაში.

ხშირად რაც უფრო დიდი ასოებით არის დაწერილი ფასდაკლება, მით უფრო ყურადღებით უნდა შემოწმდეს პროდუქტის რეალური ღირებულება.

რჩევა რედაქციისგან

ჩვენს მკითხველს ალბათ ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიებში ფასდაკლებებით სარგებლობის უკვე დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მაინც შეგახსენებთ: შეიძინეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ ან უახლოეს მომავალში დაგჭირდებათ.

ფასდაკლებები ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია და ხშირად გვაიძულებს, ისეთი ნივთებიც ვიყიდოთ, რომლებიც რეალურად არ გვჭირდება ან მათი ანალოგი უკვე გვაქვს. ამიტომ, საყიდლებზე წასვლამდე კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რის ყიდვას ისურვებდით და საჭირო ნივთების სია

ფასდაკლებები ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია და ხშირად გვაიძულებს, ისეთი ნივთებიც ვიყიდოთ, რომლებიც რეალურად არ გვჭირდება ან მათი ანალოგი უკვე გვაქვს. ამიტომ, საყიდლებზე წასვლამდე კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რის ყიდვას ისურვებდით და საჭირო ნივთების სია შეადგინოთ.

თუ მაღაზიაში ყოფნისას სპონტანურად გადაწყვეტთ რაიმეს შეძენას მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ფასდაკლებაა, სალაროსთან მისვლამდე რამდენიმე წუთით შეჩერდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამ ნივთს იმიტომ ვყიდულობ, რომ ნამდვილად მჭირდება, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლების ცდუნებას ვერ გავუძელი?..

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close