მსოფლიოპოლიტიკა

გერმანია წესებს ამკაცრებს: 17-45 წლის მამაკაცებს ქვეყნის დასატოვებლად სამხედრო ნებართვა დასჭირდებათ

ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ განხორციელდება ახალი მექანიზმი პრაქტიკაში და რა სანქციები დაეკისრებათ წესის დამრღვევებს

2026 წლის დასაწყისიდან გერმანიაში 17-იდან 45 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი ვალდებულია, მიიღოს ბუნდესვერის კარიერული ცენტრის ნებართვა, თუ ქვეყნის დატოვებას სამ თვეზე მეტი ხნით გეგმავს – იქნება ეს სწავლა, სამუშაო თუ ხანგრძლივი მოგზაურობა. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შევიდა სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ ახალი კანონის ფარგლებში, რის შესახებაც 3 აპრილს გამოცემა Berliner Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია.

გერმანიაში მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ნათლად ასახავს იმ გლობალურ ტრანსფორმაციას, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ბოლო წლებში მიმდინარეობს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მზარდი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, ირანი-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება, ევროპულ ქვეყნებს აიძულებს, გადახედონ თავდაცვის პოლიტიკას და სამხედრო რესურსების მართვის სისტემებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს არ ნიშნავს ავტომატურ შეზღუდვას ან ქვეყნის დატოვების აკრძალვას. პირიქით, ჩვეულებრივ პირობებში ნებართვები გაიცემა, თუმცა მთავრობა ცდილობს შექმნას უფრო ეფექტიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს სამხედრო აღრიცხვის სისტემის გამართულობას – სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ვინ სად იმყოფება პოტენციური მობილიზაციის შემთხვევაში.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ განხორციელდება ახალი მექანიზმი პრაქტიკაში და რა სანქციები დაეკისრებათ წესის დამრღვევებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვალდებულება გერმანიაში ისტორიულად უკვე არსებობდა. მისი სამართლებრივი საფუძველი მოდის 1956 წლის სამხედრო ვალდებულების კანონიდან, თუმცა მანამდე ის მხოლოდ ეროვნული თავდაცვის ან მობილიზაციის პერიოდში მოქმედებდა. ახლა კი ეს მოთხოვნა მშვიდობიან პერიოდშიც ვრცელდება, რაც ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

პარალელურად, გერმანია ზრდის საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობას. ამჟამად ბუნდესვერის შემადგენლობაში დაახლოებით 182 ათასი მოსამსახურეა, ხოლო ახალი გეგმის მიხედვით, 2035 წლისთვის ეს რიცხვი 260 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამ პროცესის ნაწილი გახდა ე. წ. „რბილი სავალდებულო“ მოდელი: 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ ყველა ახალგაზრდა მიიღებს კითხვარს(ანკეტა), სადაც უნდა მიუთითოს, სურს თუ არა სამხედრო სამსახური. 2027 წლიდან კი ისინი ფიზიკური მზადყოფნის შეფასებასაც გაივლიან.

კითხვარს 18 წლის გოგონებიც მიიღებენ, თუმცა მათთვის შევსება ნებაყოფლობითი იქნება.

მმართველი კოალიცია არმიის შემადგენლობის გაზრდას იმ ახალგაზრდების საფუძველზე აპირებს, რომლებიც ანკეტაშითავად გამოთქვამენ ბუნდესვერის რიგებში სამსახურის სურვილს, თუმცა ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო გაწვევა კვლავ დაბრუნდეს – განსაკუთრებით, თუ მოხალისეთა რაოდენობა საკმარისი არ იქნება.

გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს, ბალანსის დაცვას ცდილობს: ერთი მხრივ, არ სურს მკვეთრი მილიტარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ ევროპა უსაფრთხოების ახალ რეალობაში შევიდა. ამ კონტექსტში, სამხედრო სამსახურისთვის მოხალისეებს თვეში 2600 ევროს ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობენ, რაც მიზნად ისახავს ინტერესის გაზრდას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ბოლო წლებში ევროპაში აქტიურად განიხილება თავდაცვის გაძლიერება, რეზერვისტთა სისტემების განვითარება და კრიზისებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმების დახვეწა. საუბარია „უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილებაზე“, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტექნიკურ მიდგომებს, არამედ მთლიან სტრატეგიულ ხედვას.

გერმანიის მაგალითი ცხადყოფს, რომ ევროპა ეტაპობრივად ემზადება შესაძლო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაუყოვნებლივი აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, სახელმწიფოს სურს, ჰქონდეს ყველა საჭირო ბერკეტი სწრაფი მობილიზაციისთვის.

საბოლოოდ, ეს ცვლილებები ახალ რეალობას ასახავს: თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოება აღარ აღიქმება, როგორც სტაბილური მოცემულობა. იგი მუდმივად ცვალებადი გარემოა, სადაც სახელმწიფოები იძულებულნი არიან, წინასწარ მოემზადონ ყველაზე რთული სცენარებისთვის – „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის!“.

ნიკო აბაშიშვილი

დაკავშირებულ თემაზე: გერმანიამ ARROW-3 აამოქმედა: როგორი იქნება ახალი ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარი?

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close