საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო

სეზონური გრიპი ჩაანაცვლა ვირუსმა, რომელიც განსაკუთრებით პატარებს ერჩის

საქართველოში თებერვლის მეორე ნახევრიდან გავრცელებულია რესპირატორული სინციტიური ვირუსი, რომელიც ყველაზე მცირე ბრონქების – ბრონქიოლების მწვავე ვირუსულ ანთებას, ბრონქიოლიტს იწვევს. ამჟამად თბილისის იაშვილის კლინიკაში ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ბრონქიოლიტის დიაგნოზით წევს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ვირუსებით ინფიცირების შემთხვევების 53% ამჟამად სწორედ ამ ვირუსზე მოდის, გრიპის ვირუსზე კი – მხოლოდ 3%.

ბრონქიოლიტი ხშირად ვითარდება ეპიდემიის დროს და, ძირითადად, 24 თვემდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, პიკი 2-იდან 6 თვემდე ასაკზე მოდის. ყოველწლიურად მსოფლიოში რეგისტრირდება 150 მილიონამდე ახალი შემთხვევა და დაავადებულ ბავშვთა 2-3% ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

ბრონქიოლიტი სურდოთი იწყება, არ ახასიათებს მაღალი სიცხე, ახლავს მსუბუქი ცხელება და მცირე ხველა. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს სუნთქვა უძნელდება, რადგან ინფექცია სასუნთქ გზებს ავიწროებს, შედეგად ფერხდება ჰაერის ნაკადის მიწოდება ფილტვებისკენ და ფილტვებიდან გარეთ. იმატებს სუნთქვის სიხშირე და მშრალი ხველაც ძლიერდება, ბავშვი ქოშინებს და ამოსუნთქვისას სტვენის ხმას გამოსცემს.

უმრავლეს შემთხვევაში დაავადების ჩივილები მსუბუქია, აჩქარებული და მცირედ გაძნელებული სუნთქვის მიუხედავად, ბავშვები აქტიურები, მხიარულები რჩებიან და მადაც კარგი აქვთ. უფრო მძიმე შემთხვევებისას ბავშვი სწრაფად და ზედაპირულად სუნთქავს, იხმარებს სასუნთქ მუსკულატურას და სუნთქვისას ნესტოები ებერება, გაძნელებული სუნთქვის გამო გულ-მკერდი ძლიერად ედრიკება, აღენიშნება მოუსვენრობა და შფოთვა, ვითარდება დეჰიდრატაცია ღებინებისა და სითხის მიუღებლობის გამო. ასევე, შესაძლოა ჰქონდეს ცხელება, ზოგიერთ ბავშვს უვითარდება ყურის ინფექცია. ძალიან მძიმე და უჩვეულო შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს სილურჯე ტუჩების გარშემო, რასაც ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს.

ექიმები კლინიკური ნიშნების მიხედვით ადვილად სვამენ დიაგნოზს, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ცხვირიდან ნაცხის აღება ან სხვა ლაბორატორიული კვლევები, იშვიათ შემთხვევაში – გულმკერდის რენტგენოგრაფია.

ბავშვების უმეტესობა სახლში შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობის შედეგად 3-5 დღეში გამოჯანმრთელდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. უფრო გართულებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სუნთქვა ძლიერ უჭირს, საჭიროა საავადმყოფოში გადაყვანა.

რისკჯგუფში შედიან, აგრეთვე, ხანდაზმული ადამიანებიც, რომლებსაც შესაძლოა ფილტვების ანთება განუვითარდეთ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close