თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენა ივნისიდან დაიწყება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
2026 წლის ივნისიდან თბილისი კიდევ ერთ ევროპულ დედაქალაქს – კოპენჰაგენს (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden-ი იფრენს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენა 27 ივნისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას. ფრენის დრო თბილისიდან კოპენჰაგენამდე 4 სთ და 35 წუთია, კოპენჰაგენიდან თბილისამდე – 4 სთ და 15 წუთი. ბილეთები უკვე იყიდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ს ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატებით გაადვილდება საქართველოს დაკავშირება სკანდინავიის ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს, კოპენჰაგენის გავლით გაემგზავრონ ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.



