რუსეთი „ოსკარის“ მფლობელი ფილმის ავტორებს უჩივის – რას ეხება სკანდალი და არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტები
2026 წლის „ოსკარის“ დაჯილდოება კიდევ ერთხელ იქცა არა მხოლოდ კინოს ზეიმად, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების არენადაც. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დოკუმენტურმა ფილმმა Mr. Nobody Against Putin („ბატონო არავინ პუტინის წინააღმდეგ“), რომელმაც „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში“ გამარჯვება მოიპოვა და მალევე საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ფილმი, რომლის ავტორებიც არიან პაველ ტალანკინი და დევიდ ბორენშტეინი, აღწერს, როგორ ვრცელდება პროპაგანდა რუსულ სკოლებში უკრაინის ომის ფონზე. ნამუშევარი ეფუძნება რეალურ ვიდეომასალას, რომელიც თავად პაველ ტალანკინმა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობისას წლების განმავლობაში ფარულად გადაიღო.
რა პრეტენზია აქვს რუსეთს
რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ფილმის შინაარსზე პირდაპირ არ ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა მისი წარმოების პროცესს მკაცრად აკრიტიკებენ. კერძოდ, რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭო ამტკიცებს, რომ ფილმში გამოყენებულია არასრულწლოვანთა გამოსახულებები მშობლების თანხმობის გარეშე.
ამ საფუძვლით, რუსულმა მხარემ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის UNESCO-ს, მოთხოვნით, შეისწავლონ, დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები და ეთიკური სტანდარტები.
ასევე, რუსეთი საკითხის განხილვას მოუწოდებს Academy of Motion Picture Arts and Sciences-საც, რომელიც „ოსკარის“ ჯილდოს ანიჭებს.
ამ დროისთვის აკადემიის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი არ არის შეტანილი – საუბარია მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში შეტანილ საჩივარსა და გამოძიების მოთხოვნაზე.
პოლიტიკური კონტექსტი
ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო წლებში, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დოკუმენტური ფილმი „ოსკარს“ იღებს. მანამდე გამარჯვებულები იყვნენ „ნავალნი“/„Navalny“ (2023) და „მარიუპოლის 20 დღე“/„20 Days in Mariupol“ (2024), რაც მიუთითებს ტენდენციაზე, რომ Academy Awards-ი ხშირად ხდება პოლიტიკური გზავნილების პლატფორმა.
ეს ფაქტი კრემლში აღიქმება, როგორც დასავლური კულტურული ინსტიტუტების პოლიტიზაციის მაგალითი.
არსებობდა თუ არა მსგავსი პრეცედენტი?
ისმის კითხვა: ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყანამ უშუალოდ უჩივლა „ოსკარის“ მფლობელებს ან აკადემიას?
არა, ასეთი პირდაპირი პრეცედენტი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
ისტორია იცნობს რამდენიმე მსგავს, მაგრამ განსხვავებულ შემთხვევას:
- 2018 წელს დოკუმენტური ფილმ Icarus-ის გამარჯვების შემდეგ, რომელიც რუსულ დოპინგის სკანდალს ეხებოდა, რუსეთის წარმომადგენლებს არ უჩივლიათ აკადემიისთვის, მაგრამ ფიგურანტების წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო დავები (მაგ., გრიგორი როდჩენკოვის წინააღმდეგ).
- ასევე, სხვადასხვა დროს ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, რუსეთი და სირია) აწარმოებდნენ დისკრედიტაციის კამპანიებს „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმების წინააღმდეგ, თუმცა ეს უფრო საინფორმაციო და პროპაგანდისტული ბრძოლა იყო, ვიდრე სამართლებრივი დავა.
- 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა საერთოდ უარი თქვა „ოსკარზე“ საკუთარი ფილმის წარდგენაზე – ეს იყო პოლიტიკური დემარში.
რუსეთისგან ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბარი ბევრ კრიტიკოსს ცინიკურად მიაჩნია – სახელმწიფო, რომელსაც, უკრაინელი ბავშვების თემას თავი რომ დავანებოთ, ხშირად აკრიტიკებენ საკუთარ მცირეწლოვან მოსახლეობაზე – ბავშვებზე იდეოლოგიური გავლენის, სასკოლო პროგრამების პოლიტიზებისა და ინფორმაციის კონტროლის გამო, ახლა თავად აყენებს იმავე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს. ამაზე განსაკუთრებით საუბრობენ ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch და Amnesty International, რომლებიც წლების განმავლობაში აქვეყნებენ ანგარიშებს განათლების სისტემაში პროპაგანდისა და ომის ნარატივების გაძლიერების შესახებ.
თუმცა მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსიც: საერთაშორისო სამართალში და უფლებათა დაცვის სფეროში პრინციპულად მიღებულია, რომ ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება დააყენოს საკითხი დარღვევაზე, იმის მიუხედავად, თავად რამდენად თანმიმდევრულია ამავე სტანდარტების დაცვაში – ანუ ერთი შესაძლო დარღვევა ავტომატურად არ აუქმებს მეორე საკითხის განხილვის საჭიროებას.
„არის ქვეყნები, სადაც ციდან არა ვარსკვლავები, არამედ რაკეტები და დრონები ცვივა. მომავლისთვის, ბავშვებისთვის დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ყველა ომი!” – განაცხადა პაველ ტალანკინმა ლოს-ანჯელესში „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას.
ნუცა ყაველაშვილი



