დღის თემასაქართველო

გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე – ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც პანაშვიდები გაიმართება

სტატია განახლებულია 20 მარტს, 17:30 სთ-ზე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორე 16 მარტს თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო შემდეგ, გვიან ღამით, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც 17 მარტს, გვიან საღამოს გარდაიცვალა. პატრიარქს 22:30 სთ-ზე გული გაუჩერდა.

ინფორმაცია ილია მეორის გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

„ამ რამდენიმე წუთის წინ პირგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ილია მეორე ორშაბათს, 16 მარტს ჩაფიძის გულის კლინიკაში სატურაციის ვარდნის გამო გადაიყვანეს საპატრიარქოდან.

მას შემდეგ, რაც კუჭში მასიური ფარული სისხლდენა გამოუვლინდა, 17 მარტს, ღამის ორ საათზე პატრიარქი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მოათავსეს, სადაც ინტუბაცია ჩატარდა და ილია მეორე „ძილის მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

***

ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი), გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.

ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.

ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია. ცნობილია, აგრეთვე, ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობლები.

სამოქალაქო პანაშვიდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამების ტაძარში გაიმართება პატრიარქის პანაშვიდები.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

18 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქს კვირას, 22 მარტს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ – ასეთი იყო თავად ილია მეორის სურვილიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 18 მარტს, საღამოხანს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში. ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

20 მარტს, დილით, ცნობილი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი:

🕯️ კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე
🕯️ მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში
🕯️ მსოფლიო პატრიარქი სამებაში მიბრძანდება 12:00 საათზე და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას
🕯️ სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენება მოხდება დაახლოებით 15:00-დან 16:00 საათამდე

ნანა ძნელაძე

პატრიარქის საგალობლებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია „კირიე ელეისონ“.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close