სამზარეულო

ყველაზე მარტივი კრემი ტორტისთვის – 3 ინგრედიენტი და იდეალური შედეგი 10 წუთში

ეს ნაზი კრემი სულ რაღაც 5-10 წუთში მზადდება. არაფრის ხარშვა არ დაგჭირდებათ, ხოლო გამოყენება შეგიძლიათ ტორტებისთვის, ნამცხვრებისა და დესერტებისთვის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საუზმეზეც მიირთვათ – უბრალოდ, წაუსვით პურის ნაჭერს.

თუ განსაკუთრებული დესერტის მომზადება გინდათ, მაგრამ დრო არ გაქვთ, ეს კრემი იდეალური გამოსავალია – მასთან ერთად ჩვეულებრივი ფუნთუშაც კი დახვეწილ ნამცხვრად გადაიქცევა. განსაკუთრებული კულინარიული უნარები არ არის საჭირო, ხოლო მიქსერის დახმარებით კრემი რამდენიმე წუთში მზად იქნება.

ინგრედიენტები

  • კარაქი – 250 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა
  • ხაჭო – 300 გ

ვანილი (სურვილისამებრ) – 1 ჩაის კოვზი ექსტრაქტი, ან ერთი პაკეტი.

მომზადების წესი

  1. კარაქი წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან – უნდა დარბილდეს, მაგრამ არ უნდა გადნეს (არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი დასარბილებლად).
  2. მოამზადეთ ხაჭო – სასურველია ძალიან წმინდა საცერში გაატაროთ. ეს კრემს უფრო ჰაეროვანსა და ერთგვაროვანს გახდის.
  3. მომზადებული ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, რომელიც კრემს სასიამოვნო კარამელის გემოს მისცემს.
  4. ჯერ ჩანგლით აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილი.

როგორ გამოვიყენოთ

მზა კრემი ფორმას კარგად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ტორტის ფენებს შორის;
  • ნამცხვრების (მაგ., შუს) შიგთავსად;
  • ტორტის მოსართავად საკონდიტრო ტომრით;
  • ფუნთუშებთან, ე. წ. „პეჩენიებთან“, ან ფენოვან ცომთან ერთად;
  • უბრალოდ, პურზე ან ბაგეტზე წასასმელად.

თუ ცხობა გეზარებათ, კრემი იდეალურად ერწყმის მზა ნამცხვრებსაც (ე. წ. „პეჩენიებს“) ან თაფლაკვერებს – ძალიან გემრიელი დესერტი მყისვე მზად იქნება.

შენიშვნა: ხაჭოს ნაცვლად შეგიძლიათ კრემყველი გამოიყენოთ – მაგ. „ფილადელფია“, თუმცა ეს სიამოვნება უფრო ძვირი დაჯდება.

კირა კარიაული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close