ჩვენი ფავორიტიეკონომიკაიტალიასაზოგადოება

2026 წელს იტალიაში სოციალური ბონუსები შეიცვალა – რა დახმარებები შენარჩუნდა, რა გაუქმდა და რა დაემატა

2026 წლის დასაწყისიდან იტალიაში ძალაში შევიდა ოჯახების სოციალური მხარდაჭერის განახლებული სისტემა. როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Assoutenti განმარტავს, ახალი ბიუჯეტისა და საკანონმდებლო პოლიტიკის ფარგლებში ზოგიერთი ბონუსი გაუქმდა, ნაწილი გაგრძელდა, ხოლო გარკვეული დახმარებები პირველად ამოქმედდა.

ქვემოთ გთავაზობთ აქტუალურ მიმოხილვას – რა დახმარებებია ხელმისაწვდომი, ვის ეკუთვნის და როგორ ხდება განაცხადის შეტანა.

კომუნალური გადასახადების სოციალური ბონუსები – ელექტროენერგია და გაზი

ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის კვლავ მოქმედებს კომუნალური სოციალური ბონუსები, რომლებიც ოჯახებს ენერგომომარაგების ხარჯების ნაწილს უნაზღაურებს.

ელექტროენერგიის ბონუსის ოდენობა 2026 წელს არის:

  • 146 ევრო – 1-2 წევრიანი ოჯახებისთვის
  • 186,15 ევრო – 3-4 წევრიანი ოჯახებისთვის
  • 204,40 ევრო – 5 და მეტი წევრის შემთხვევაში

დახმარების მისაღებად შემოსავლის მაჩვენებელი (ISEE) არ უნდა აღემატებოდეს 9 350 ევროს, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (ოთხი და მეტი შვილი) ზღვარი 20 000 ევრომდე იზრდება. აუცილებელია ერთიანი დეკლარაციის (DSU) შევსება, რის საფუძველზეც სახელმწიფო პლატფორმა ამოწმებს, ეკუთვნის თუ არა ოჯახს დახმარება.

გაზის ბონუსის სტრუქტურა უფრო კომპლექსურია – თანხა დამოკიდებულია:

  • ოჯახის ზომაზე
  • მოხმარების ტიპზე (სამზარეულო, წყლის გათბობა, გათბობა)
  • კლიმატურ ზონაზე

მაგალითად, თბილ ზონაში მცხოვრები ოჯახი დაახლოებით 39 ევროს მიიღებს, ხოლო ცივ რეგიონებში თანხა 156 ევრომდე შეიძლება გაიზარდოს.

გარდა ამისა, შენარჩუნდა ინდივიდუალური ელექტროენერგიის ბონუსი მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომლებიც სამედიცინო ელექტრომოწყობილობებს იყენებენ. დახმარება 142-იდან 463 ევრომდე მერყეობს და შემოსავალზე დამოკიდებული არ არის. განაცხადი მუნიციპალიტეტში ან სპეციალიზებულ საკონსულტაციო ცენტრებში (CAF) კეთდება.

საცხოვრებლის რემონტისა და ენერგოეფექტიანობის საგადასახადო შეღავათები

2026 წელს ძალაში რჩება საცხოვრებელთან დაკავშირებული საგადასახადო ბონუსების უმეტესობა.

  • რემონტის ბონუსი – ძირითადი საცხოვრებლისთვის 50%-იანი საგადასახადო შეღავათი 96 000 ევრომდე ხარჯზე
  • სხვა უძრავი ქონებისთვის – მაქსიმუმ 36%

გრძელდება, ასევე, ავეჯისა და მაღალი ენერგოეფექტიანობის ტექნიკის შეძენის ბონუსი – 50%-იანი შეღავათი 5 000 ევრომდე, რომელიც 10 წელზე ნაწილდება.

ენერგოეფექტიანობის ე. წ. ეკობონუსი:

  • 50% – ძირითადი საცხოვრებლისთვის
  • 36% – მეორე საცხოვრებლისთვის

ხარჯების ლიმიტები:

  • 100 000 ევრო – სრული ენერგორეკონსტრუქცია
  • 60 000 ევრო – თბოიზოლაცია, მზის პანელები, ფანჯრები
  • 30 000 ევრო – გათბობის სისტემები

შენარჩუნებულია სეისმური გამძლეობის ბონუსიც („sismabonus“) – 50% ძირითადი საცხოვრებლისთვის და 36% სხვა ქონებისთვის.

დახმარება ოჯახებისა და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის

ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებიც გაგრძელდა.

მთავარი ღონისძიებები:

  • სოციალური შესყიდვების ბარათი – 80 ევრო ყოველ ორ თვეში (ISEE 8 230 ევრომდე)
  • ბავშვის დაბადების/შვილად აყვანის ბონუსი – 1000 ევრო ერთჯერადად (ISEE 40 000 ევრომდე)
  • ბაღის ბონუსი – 1500-დან 3000 ევრომდე, შემოსავლის მიხედვით
  • მომუშავე დედების მხარდაჭერა – წლიურად 720 ევრომდე
  • სახელმძღვანელოების დახმარება – ISEE 30 000 ევრომდე
  • კერძო სკოლის სუბსიდია – 1500 ევრომდე

გრძელდება ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამაც – 500-დან 1500 ევრომდე, შემოსავლის მიხედვით, განაცხადები მუშავდება INPS-ის მიერ.

ასევე მოქმედებს პროგრამა „Carta dedicata a te“ – დაახლოებით 500 ევრო ოჯახის პირველადი საჭიროებებისთვის. ბენეფიციარები ავტომატურად განისაზღვრება სოციალური ინსტიტუტის მიერ.

რომელი ბონუსები გაუქმდა 2026 წელს

2026 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი აღარ მოქმედებს. მათ შორის:

  • ე.წ. „სუპერბონუსი“ (65% საგადასახადო შეღავათი ენერგო- და ანტისეისმურ სამუშაოებზე) – გარდა სტიქიური უბედურებების ზონებისა
  • არქიტექტურული ბარიერების მოხსნის ბონუსი (75%)
  • კულტურისა და აკადემიური მიღწევების ბარათები (Carta cultura / Carta del merito) სკოლის კურსდამთავრებულთათვის
  • ელექტრომობილების დამტენების სუბსიდიები
  • ბავშვების სპორტული აქტივობის ბონუსი (6-14 წლის ასაკში)

მთავარი პირობა – ISEE დოკუმენტი

იტალიაში მცხოვრები ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ თითქმის ყველა სოციალური დახმარება დამოკიდებულია ISEE-ზე (Indicatore della Situazione Economica Equivalente) – ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ოფიციალურ მაჩვენებელზე.

უმეტეს შემთხვევაში განაცხადები მიიღება:

  • INPS-ის პორტალზე;
  • საგადასახადო სამსახურში;
  • მუნიციპალიტეტებში;
  • ავტორიზებულ საკონსულტაციო ცენტრებში.

ISEE-ის დროული გაფორმება სოციალური დახმარებების მიღების მთავარი წინაპირობაა.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close