საზოგადოებასაქართველო

არ ეკუთვნით და იღებენ? – ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

მიხეილ სარჯველაძე: „ბაზაში დღემდე არიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ“

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ დახმარებას აღარ საჭიროებენ.

„დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი). მათგან ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.

2012 წლის შემდეგ მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა. სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები, ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის. აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე. წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც და არცთუ ცოტა, როდესაც ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში შემოსავლის სახით მიღებული აქვს რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ბაზაში არის ოჯახიც, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ერთ-ერთ ოჯახს კი 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა. კიდევ ერთ ოჯახს აღებული აქვს რამდენიმე ასეული ათასი ლარის საბანკო სესხი.

ასეთ ოჯახებს „გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი, რომ სახელმწიფომ დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

​მისივე განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. გადამოწმების დაწყებისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში ოჯახები გადამოწმდებიან სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობის მიღების პირობებს.

მინისტრი ამბობს, რომ ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, იგი აფრთხილებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ პირებს, რომ პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ყოველგვარი სიყალბისგან თავი შეიკავონ.

„საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close