სპორტი

ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის ოლიპიადაზე საქართველოს – მეტელკინა-ბერულავას წყვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა

ზამთრის XXV ოლიმპიადაზე, რომელიც იტალიაში – მილანსა და კორტინაში მიმდინარეობს, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს სპორტულ წყვილთა შეჯიბრებაში. ეს ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალია საქართველოსთვის ზამთრის სპორტის სახეობებში.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერლავას წყვილი 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო. მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 221.75 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ევროპის ჩემპიონები სპორტულ ცეკვებში, 20 წლის ანასტასია მეტელკინა და 23 წლის ლუკა ბერულავა ერთად წყვილში 2023 წლიდან ცეკვავენ.

სპორტულ წყვილთა ასპარეზობაში ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებულები ამჯერად იაპონელები გახდნენ 231,24 ქულით – მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები, რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარა (იაპონია). წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 ადგილზე იყო, თუმცა მოციგურავეებმა თავისუფალი პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულეს, მიღებული ქულებით (158,13) ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და დამსახურებულად ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო ფაბიანე ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი (გერმანია), რომელიც ქართველ სპორტსმენებს 4,6 ქულით უსწრებდა, თუმცა თავისუფალი პროგრამის შემდეგ ქართველმა მოციგურავეებმა გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულა მიიღეს და საერთო ჯამში მათი უკან ჩამოტოვება შეძლეს 2,66 ქულით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მოცეკვავე წყვილებში საქართველოს წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ასპარეზობა მე-13 ადგილზე დაასრულეს, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოასპარეზე ნიკა ეგაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა – 260 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ღირსებას კიდევ ერთი ფიგურული მოციგურავე, ანასტასია გუბანოვა დაიცავს, იგი 17 თებერვალს მოკლე პროგრამას შეასრულებს, 19 თებერვალს კი თავისუფალი პროგრამით წარდგება მაყურებლის წინაშე. ამით ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლას დაასრულებენ.

საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიადაზე კიდევ ორი სპორტსმენი გამოდიოდა: ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ლუკა ბუჩუკურმა ამავე სახეობაში 56-ე ადგილი დაიკავა.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close