მსოფლიოამინდისაზოგადოება

ზამთრის შტორმი აშშ-ში: სულ ცოტა, 85 დაღუპული და არქტიკული სიცივის გავრცელების ახალი საფრთხე

აშშ-ში მასშტაბური ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 85-მდე გაიზარდა, რასაც თან ახლავს მძიმე ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური გამოწვევები მთელ ქვეყანაში. უახლესი ანგარიშების თანახმად, სტიქია შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ქვეყნის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი მოიცვა და დღეიდან, 31 დეკემბრიდან აღმოსავლეთ სანაპიროზე ისევ ძლიერი თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ორივე შტატში – ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

არქტიკიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის ტალღა ხელისუფლებას იძულებულს ხდის, ახალი საფრთხეებისთვის მოემზადოს. სპეციალისტების თქმით, გლობალური დათბობა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შესაძლოა ასუსტებდეს პოლარულ ქარბუქებს, რომელთა რკალი არქტიკის თავზე ცივი ჰაერის მასებს აკავებს – მათი შესუსტების გამო კი სიცივე არქტიკიდან უფრო სამხრეთისკენ ვრცელდება.

სამხრეთ კაროლინის ქალაქ მერტლ-ბიჩში, სადაც თოვლის გამწმენდის ტექნიკა არ აქვთ, მოსალოდნელია დაახლოებით 15 სანტიმეტრი თოვლი, რის გამოც რიგი ღონისძიებები გაუქმდა. პროგნოზით, მინუსიანი ტემპერატურა თებერვალშიც გაგრძელდება – ძლიერი თოვლია ნავარაუდევი ორივე კაროლინაში, ვირჯინიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯორჯიაში, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინის ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა შესაძლოა 30 სანტიმეტრს მიაღწიოს.

„ვინაიდან ჩრდილოეთ კაროლინაში ზამთრის შტორმის კიდევ ერთი ტალღა შემოდის, რომელმაც შესაძლოა თოვლი მოიტანოს, ყველას მოვუწოდებ, ფხიზლად იყვნენ და სიფრთხილის ზომები მიიღონ“, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა, ჯოშ სტეინმა.

თოვლია მოსალოდნელი მერილენდიდან მენამდე, სინოპტიკოსები შაბათს გვიან ღამით და კვირა დილით ქარბუქს პროგნოზირებენ, სანამ შტორმი ზღვაში გადაინაცვლებს. ძლიერი ყინვა შესაძლოა ფლორიდამდეც გავრცელდეს. ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა, რაც განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ტრაგიკული ისტორიები

ისტორიულმა ზამთრის შტორმმა, რომელმაც აშშ-ის ტერიტორია მოიცვა ძლიერი თოვითა და ყინვით დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე, ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. როგორც Associated Press-ი წერს, გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა დაკავშირებულია ჰიპოთერმიასთან, ნახშირჟანგით (CO, მხუთავი გაზი) მოწამვლასთან (გასათბობი მოწყობილობების არასწორ პირობებში მუშაობის გამო), ავტოავარიებთან და სხვ.

ვერმონტის, ნიუ-იორკისა და სხვა შტატების ანგარიშების თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ქუჩაში დარჩენილი ადამიანების, მათ შორის, უსახლკაროთა მდგომარეობა: სხვადასხვა შტატში ათობით ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი ქუჩებში, სადაც ღამით ტემპერატურა მკვეთრად იკლებს და თავშესაფრის გარეშე დარჩენილებისთვის გარდაცვალების რისკი უკიდურესად მაღალია.

სად არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა?

ამ დროისთვის ყველაზე დაზარალებული რეგიონებია:

  • სამხრეთი (ტენესი, მისისიპი, ლუიზიანა) – მოსახლეობის ნაწილი დღეები ელოდება ელექტროენერგიის აღდგენას და გათბობას, რაც ზრდის ჰიპოთერმიისა და მხუთავი გაზით მოწამვლის რისკს.
  • აღმოსავლეთი სანაპირო – შტორმმა უკვე მიაღწია ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოსალოდნელი ძლიერი თოვისა და ქარის გამო.
  • ჩიკაგო და ნიუ-იორკი – საათობით შეჩერებულია ტრანსპორტი და უპრეცედენტო რაოდენობის თოვლი და ყინული ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს, თან საფრთხეს უქმნის ადამიანებს.

დარტყმა ინფრასტრუქტურაზე და ელექტროენერგიის პრობლემები

ზამთრის შტორმმა ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური პრობლემები გამოიწვია – მილიონობით მომხმარებელი დარჩა გათბობისა და განათების გარეშე. სამხრეთის შტატებში, განსაკუთრებით მისისიპისა და ტენესის ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ და დაცემულმა ხეებმა სერიოზულად შეაფერხა ენერგომომარაგება.

აშშ-ის სხვადასხვა ნაწილში ათიათასობით ადამიანი იძულებულია გენერატორები და სხვა თერმული მოწყობილობები გამოიყენოს გასათბობად, რაც ხშირად იწვევს ნახშირჟანგით მოწამვლას, – როგორც აღვნიშნეთ, ეს სიკვდილის შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში უკვე გაცემულია ქარბუქისა და ზამთრის შტორმის გაფრთხილებები, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ე. წ. ბომბი ციკლონის ჩამოყალიბება – ჰაერის ნაკადების სწრაფი გაძლიერება, რომელიც ძლიერი ქარბუქის ეფექტს შექმნის.

რჩევები და უსაფრთხოების რეკომენდაციები

მაშინ, როცა მდგომარეობა არამდგრადი რჩება:

  • თუ შესაძლებელია, დარჩით სახლებში, სანამ მეტეოსამსახური გაფრთხილებებს არ გააუქმებს.
  • გამოიყენეთ უსაფრთხო გათბობა და არ დატოვოთ გენერატორები ან სხვა გამათბობლები დახურულ სივრცეში – ეს ხშირად იწვევს ნახშირჟანგით მოწამვლას, რადგან წვისას მხუთავი გაზი გამოიყოფა და დახურულ სივრცეში მისი კონცენტრაცია სიცოცხლისთვის სახიფათოდ იზრდება.
  • მოძებნეთ თბილი თავშესაფრები, რომლებიც ადგილობრივმა მთავრობამ და მერიამ გახსნეს, განსაკუთრებით უსახლკაროებისა და მარტოხელა ადამიანებისთვის.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close