მიგრაციაპოლიტიკასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

500 000-მდე მიგრანტი ლეგალურ სტატუსს მიიღებს – ესპანეთი ისტორიულ პროგრამას იწყებს

განაცხადების მიღება 2026 წლის აპრილში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება

ესპანეთის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს დაახლოებით 500 000 არაალეგალურ მიგრანტს, მიიღოს ცხოვრებისა და მუშაობის კანონიერი უფლება. ეს ნაბიჯი მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ბოლო წლების განმავლობაში.

ესპანეთის მთავრობამ პროგრამის დაწყების შესახებ სამშაბათს, 27 იანვარს, გამოაცხადა. ინტეგრაციის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის მინისტრ ელმა საისის განცხადებით, ეს ზომა 500 000-მდე ადამიანს შეეხება. პროგრამა განხორციელდება მიგრაციის კანონმდებლობაში სწრაფი ცვლილებების გზით, რათა გვერდი აუარონ პარლამენტში გაჩერებულ ანალოგიურ კანონპროექტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

როგორ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობამ

გადაწყვეტილება მიღებულია ე. წ. სამეფო დადგენილებით (Real Decreto) – მთავრობის აღმასრულებელი აქტით, რომელსაც ფორმალურად მეფე აწერს ხელს, თუმცა რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როცა მთავრობას უნდა სწრაფად გაატაროს მნიშვნელოვანი ცვლილებები სრული საპარლამენტო პროცედურის გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მყარი უმრავლესობა არ აქვს, ხოლო კანონის მისაღებად სხვა საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერის გარანტიები არ არსებობს.

ამრიგად, ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არალეგალური მიგრანტების სტატუსი გადაიხედოს და მათ ცხოვრების, დასაქმებისა და ეკონომიკაში ჩართვის ლეგალური შესაძლებლობები მიეცეთ.

ვის შეეხება ლეგალიზაცია

რეგულარიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

  • იმყოფებოდნენ ესპანეთში, სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
  • არ აქვთ კრიმინალური ისტორია;
  • 2025 წლის 31 დეკემბრამდე უკვე შეტანილი აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი.

დრო და პროცედურები

ახალი რეგულაციის მიხედვით, ლეგალიზაციისთვის განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აპრილის დასაწყისში და ივნისის ბოლოს დასრულდება. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი თავდაპირველად იღებს ერთწლიან საცხოვრებელ და სამუშაო უფლებას და შეუძლია ლეგალურად დასაქმდეს ნებისმიერ სფეროში, ესპანეთის ნებისმიერ რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა განაცხადს სამი თვის განმავლობაში დაამუშავებს და ლეგალიზაციის მსურველებს სამუშაო ნებართვა დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში მიეცემათ. ესპანეთში ხუთთვიანი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთი შეიძლება იყოს, მაგალითად, პიცის შეძენის ქვითარი ან გამოყენებული მეტროს ბილეთი. ქვეყანაში ამჟამად მყოფი არალეგალი იმიგრანტების არასრულწლოვანი შვილებიც მიიღებენ ბინადრობის ნებართვას. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შესაბამის ოფისებში ან ონლაინ.

ბინადრობისა და სამუშაო ნებართვების გაცემა თავიდან ერთი წლით იგეგმება, განახლების უფლებით. ბავშვების დოკუმენტები ხუთი წლის ვადით გაიცემა. აქამდე არსებული კანონმდებლობით, ლეგალიზაციის მსურველებს ქვეყანაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ცხოვრება, დასაქმების ხელშეკრულების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სამშობლოში კარგი ქცევის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა და ესპანეთში, საცხოვრებელ ადგილას, შესაბამისი ქცევის დამადასტურებელი საბუთი მოეთხოვებოდათ. ყველა ეს მოთხოვნა ახლა უქმდება.

პროცესი გულისხმობს იმას, რომ განაცხადის დამტკიცების შემდეგ იმიგრანტი შედის ლეგალურ და სამართლიან შრომის ბაზარზე, რაც აძლიერებს მისი, როგორც მუშახელის, პოზიციას, ასევე, საშუალებას აძლევს მას, მიიღოს სოციალური მომსახურებები, ჯანდაცვა და სხვა ადამიანური უფლებები.

რა მნიშვნელობა აქვს ესპანეთისთვის

ეკონომიკური სამიზნე

ლეგალიზაციის შედეგად ქვეყნაში შავი ბაზარი შემცირდება, რადგან ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს ლეგალურად იმუშაოს და გადაიხადოს გადასახადები, რაც გაზრდის სოციალური დაცვის აქტივებს და საპენსიო სისტემის მდგრადობას.

სოციალური და დემოგრაფიული შედეგი

ეს ნაბიჯი ჰუმანური ევროპული მიგრაციული პოლიტიკის მაგალითია. მთავრობის მიზანი არ არის მხოლოდ პრობლემების სწრაფი მართვა, არამედ მიგრანტების ინტეგრაცია, უფლებების დაცვა და საზოგადოებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მიდგომით მთავრობა ცდილობს, დემოგრაფიული გამოწვევებისა და მოსახლეობის დაბერების ფონზე, ეფექტიანი და ჰუმანური გადაწყვეტილებებით უზრუნველყოს ქვეყნის მომავალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

მნიშვნელობა მიგრანტებისთვის

მიგრანტებისთვის ლეგალიზაცია ნიშნავს უფლებების, სტაბილური დასაქმებისა და უსაფრთხოების ხელმისაწვდომობას – მათ აღარ მოუწევთ შავი ბაზრის სამუშაოზე დაყრდნობა და კანონგარეშე ყოფნის გამო მუდმივ შიშში ცხოვრება.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტი

გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც ესპანეთის მთავრობა ცდილობს, მიაღწიოს ბალანსს ეკონომიკურ საჭიროებებსა და დემოგრაფიულ გამოწვევებს შორის. ქვეყანა ერთ-ერთია იმ ევროპულ სახელმწიფოთაგან, სადაც მოსახლეობის დაბერება და სამუშაო ძალის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს – ამიტომ მიგრანტებს ხშირად განიხილავენ, როგორც რესურსს, რომელიც შეავსებს სამუშაო ბაზარს და გაამყარებს სოციალურ სისტემას.

ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს სხვადასხვა საზოგადოებრივი და აქტივისტთა ჯგუფი – ინიციატივის მხარდამჭერ პეტიციას ხელი მოაწერა 700 000-ზე მეტმა მოქალაქემ და რამდენიმე სოციალურმა ორგანიზაციამ.

ამავე დროს, პოლიტიკურ ფრონტზე გაჩნდა მძაფი კრიტიკა – ძირითადად, ცენტრისტული, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ ეს ნაბიჯი „არალეგალურ მიგრაციას სტიმულს აძლევს და შესაძლოა სოციალური მომსახურებების დატვირთვა გაზარდოს“.

მთავრობის ოპონენტთა თქმით, ლეგალიზაცია იმიგრანტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უფასო ჯანდაცვას, როდესაც სისტემა უამისოდაც „კოლაფსის პირასაა“, ასევე, სოციალურ ფონდებს უმუშევრებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, როდესაც ეს ფონდები ისედაც „მუდმივად დეფიციტში იმყოფება“.

გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგ ისინი უფლებას მიიღებენ, ესპანეთში თავიანთი ოჯახის წევრები ჩაიყვანონ, რაც საცხოვრებელი ფართების არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და მიგრანტების გეტოების შექმნას შეუწყობს ხელს, რაც პრობლემურია ეთნიკური და რასობრივი დაპირისპირებების რისკების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ხელისუფლების მტკიცებას, რომ ლეგალიზებული მიგრანტები ესპანეთის ეკონომიკას სჭირდება, ოპონენტები ამასაც ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან, მათი თქმით, „იმიგრანტთა დიდ უმრავლესობას არანაირი პროფესიული მომზადება არ აქვს“.

კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერმა ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დაადანაშაულა ყურადღების გადატანის მცდელობაში ბოლო დროს მომხდარი მატარებლის კატასტროფიდან, რომელმაც 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამავე დროს, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ ლიდერმა სანტიაგო აბასკალმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ესპანელებს სანჩესი „სძულთ“ და ის „ქვეყანაში მიგრანტების შემოჭრას აჩქარებს“.

ქართველი მიგრანტებისთვის: რა უნდა იცოდეთ

თუ თქვენ, ან თქვენი ახლობელი ქართველი მიგრანტი ცხოვრობს ესპანეთში და უსაბუთოდ იმყოფება ქვეყანაში, მნიშვნელოვანია იცოდეთ შემდეგი:

  • ხანგრძლივობა: ლეგალიზაციისთვის საჭიროა, შეძლოთ დასაბუთება, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე მინიმუმ 5 თვის განმავლობაში ცხოვრობდით ესპანეთში;
  • კრიმინალური ისტორია: თუ არ გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დარღვევა და არ გქონიათ შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ;
  • დოკუმენტები: შესაძლოა მოგიწიოთ ჯანმრთელობის ცნობის, საცხოვრებელი ადგილის ცნობისა და სამუშაო დოკუმენტების წარდგენა, ამიტომ რეკომენდებულია ადვოკატთან კონსულტაცია;
  • ოჯახის გაერთიანება: მშობლებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ ესპანეთში, რეგულარიზაციის დროს შეიძლება მიეცეთ უფრო ძლიერი ოჯახური სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის გაერთიანებასა და დაცვას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არასრულწლოვანები თავიდანვე მიიღებენ ცხოვრების ნებართვას 5 წლის ვადით.

არალეგალური მიგრაციის მართვა ესპანეთში

AP-ის ცნობით, 1986 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთმა უკვე ექვსჯერ მიმართა იმიგრანტების ლეგალიზაციას. ესპანეთის ხელისუფლების ამჟამინდელი გადაწყვეტილება იმიგრაციის შეზღუდვებისა და გამკაცრების პანევროპულ ტენდენციას ეწინააღმდეგება. ელმა საისის თქმით, ესპანეთი კვლავ დარჩება „შუქურად“ ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გლობალური ტალღის წინააღმდეგ.

სხვადასხვა შეფასებით, ესპანეთში არალეგალურად 800 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. AP-ის ცნობით, მათი უმეტესობა ლათინური ამერიკიდან ან აფრიკიდან ჩასული იმიგრანტები არიან, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში ან მომსახურების სექტორში მუშაობენ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close