საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება

სტატია განახლებულია 2026 წლის 31 იანვარს, 20:00 სთ-ზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ცვლილება განათლების დაანონსებული რეფორმის ფარგლებში მოხდება. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.
„ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისათვის, ორივე უნივერსიტეტი შედის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში – Times Higher Education. 2026 წელს ორივე იკავებს ადგილს 1501+, თსუ, აგრეთვე, ჩართულია უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში – QS 2026.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგში QS EECA 2026 წელს 496-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში U.S. News & World Report 2026 – 1 151-ე პოზიციაზეა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა. საქართველოს ეს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სიყვარულით „ცოდნის ტაძარს“ უწოდებენ, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
თსუ-ში ფუნქციონირებს შვიდი ფაკულტეტი, სადაც დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი ეუფლება განათლებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე (საბჭოთა პერიოდში, 1990 წლის 6 იანვრამდე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერქვა, ე. წ. „გეპეი“ – რუსული აბრევიატურიდან). დღეს აქ 11 ფაკულტეტია, სადაც 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
გივი მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით გარდამავალ პერიოდში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – „საბჭო“ და დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს გაუძღვებიან.
ამასთანავე, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
კონცეფციაში პრიორიტეტებს შორის დასახელებულია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და პროფესიული განვითარება, ასევე მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა.
განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, რეფორმის ფარგლებში დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. სასკოლო კრებულებს განათლების სამინისტრო შეიმუშავებს, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე (I-იდან VI კლასების ჩათვლით) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება ფორმის ტარება. განისაზღვრება მობილური ტელეფონების გამოყენების წესიც. მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება რეპეტიტორიუმი, ამასთან, მე-12 კლასის დამთავრება ნებაყოფლობითი იქნება და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეეძლებათ. აღნიშნული ცვლილება 2026-2027 სასწავლო წელს მხოლოდ დიდ ქალაქებში დაინერგება.
დაანონსებულ განათლების რეფორმას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისა და განათლების დარგის სპეციალისტთა ნაწილის მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამტკიცებული კონცეფცია არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და განათლების დაანონსებული რეფორმა რეალურად არა მაღალი ხარისხის განათლების მიღებას, არამედ ქართველი ახალგაზრდობის ევროპული მომავლისგან იზოლირებას ემსახურება.
მიქანაძის განცხადებამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია როგორც საზოგადოების, ისე ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების დიდ ნაწილს შორის. როგორც აღმოჩნდა, მიქანაძის განცხადების საპირისპიროდ, არც თსუ-ს და არც სტუ-ს რექტორებს არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მხოლოდ მინისტრის განცხადების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათი უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება. იმავე დღეს თსუ-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ტექნიკურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.
სტატიის განახლება: 31 იანვარი, 20:00 სთ-ზე
ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი 104 წლის ისტორიის მქონე ტექნიკური უნივერსიტეტის, ფაქტობრივად, დახურვას ნიშნავს, რასაც მისი შენობების გაყიდვა მოჰყვება. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ლევან იზორიას კანდიდატურა განიხილება. იზორია, რომელიც პროფესიით იურისტია, ამჟამად საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ამ პოსტს 2020 წლის პირველი მარტიდან იკავებს, მანამდე, 2019 წლის 11 სექტემბრიდან იგი საქართველოს დაზვერვის უფროსი იყო (გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის დროს), 2016-2019 წლებში კი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2012-2015 წლებში – შს მინისტრის მოადგილე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა ღია წერილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციის“ არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან.
„სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები), სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება, როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა“. ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები, ეს არის ტრადიცია, წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის განვითარების საფუძველი.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იგი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში. ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. დიდი ილია თავის დროზე ამბობდა: „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით”. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, მისი არსებობის 104-წლიანი ისტორიის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და პროფესიულ დიალოგზე დაფუძნებული პროცესი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე“, – ნათქვამია ღია წერილში, რომლის ხელმოწერაც ასე გამოიყურება:
„პატივისცემით,
თქვენი მხარდამჭერები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს, 31 იანვარს ისევ გაიმართა აქცია. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, აგრეთვე, სტუდენტები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც.
ნინო ხოშტარია



