მსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა – რა გზავნილია ბრიუსელიდან საქართველოსთვის

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) 28 იანვარს დაამტკიცა ანგარიში „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის შესახებ“, რომელიც ასახავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ხედვას ევროკავშირის გაფართოების პროცესზე და მის სამომავლო მიმართულებებზე. დოკუმენტი ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა წარადგინა.

ანგარიში წარმოადგენს რეკომენდაციების პაკეტს ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის და მასში ხაზგასმულია, რომ გაფართოება მხოლოდ ტექნიკური პროცედურა არ არის – ეს არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და გლობალურ როლს.

დოკუმენტი კომიტეტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს – მას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8-მ თავი შეიკავა. ანგარიში ეფუძნება როგორც ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს, ისე ევროკომისიის ბოლო წლების შეფასებებს კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებზე.

შემდეგ ეტაპზე დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მას ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა განიხილავს.

სტრატეგიის მთავარი აქცენტები

დამტკიცებულ დოკუმენტში რამდენიმე საკვანძო მიმართულებაა გამოკვეთილი:

უსაფრთხოება და სტაბილურობა
კომიტეტი გაფართოებას განიხილავს, როგორც ინვესტიციას ევროპის უსაფრთხოებაში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის საზღვრებს მიღმა დარჩენილი არასტაბილური რეგიონები ზრდის გეოპოლიტიკურ რისკებს და ქმნის სივრცეს არამეგობრული ძალების გავლენისთვის.

ევროპული ღირებულებები
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვას. გაფართოების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებას – თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი პროგრესით უნდა დაამტკიცოს მზადყოფნა წევრობისთვის. ამასთან, სტრატეგია ითვალისწინებს ე. წ. „უკუქცევადობის პრინციპსაც“ – თუ რეფორმები შეჩერდება ან უკან დაიხევს, პროცესი შეიძლება შეფერხდეს.

მეორე მხრივ, დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ გაწევრიანება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, როგორც კი ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება
კომიტეტი ხაზს უსვამს კანდიდატი ქვეყნების აუცილებელ თანხვედრას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ეს განიხილება არა მხოლოდ ფორმალურ მოთხოვნად, არამედ ქვეყნების გეოპოლიტიკური არჩევანის მკაფიო ინდიკატორად.

ფინანსური მხარდაჭერა
დოკუმენტში არის მოწოდება ევროკავშირისთვის, რომ გააძლიეროს კანდიდატი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარება, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნებისთვის განკუთვნილი წინასაწევრო ფინანსური დახმარების უფრო ეფექტიანი გამოყენებით ევროკავშირის ახალ მრავალწლიან ბიუჯეტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური დახმარება გადამწყვეტია რეფორმების განხორციელებისთვის; საჭიროა პირობითობის პრინციპის შენარჩუნება. კანდიდატი ქვეყნები უნდა ჩართონ ევროკავშირის პროექტებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროები; ასევე ყურადღება ეთმობა ინსტიტუციურ გაძლიერებას, ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას, ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, დეზინფორმაციასა და რუსულ ჩარევასთან ბრძოლას და კანდიდატ ქვეყნებში ევროპული დემოკრატიის ფარის გაფართოებას.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:

  • ადასტურებს, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს გაფართოების პოლიტიკურ დღის წესრიგს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კვლავ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს;
  • მკაფიოდ აჩვენებს, რომ წევრობის პერსპექტივა დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგებზე და არა მხოლოდ დეკლარაციებზე;
  • ქმნის დამატებით პოლიტიკურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ბრიუსელი თბილისს რეფორმების გაღრმავებას მოსთხოვს.

სტრატეგიაში ასახულია საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული ვითარების შეფასებებიც – „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუცია“ და კომისიის 2023 და 2024 წლის ანგარიშები საქართველოზე. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზა პირდაპირ არის დაკავშირებული რეალურ რეფორმებთან – განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მედიის თავისუფლების სფეროში.

რატომ არის ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი

ევროკავშირის გაფართოება ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუმცა სტრატეგია აჩვენებს, რომ ბრიუსელში მას გეოპოლიტიკურ აუცილებლობად აღიქვამენ. დოკუმენტი ერთიან ხედვაში აერთიანებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დემოკრატიული სტანდარტების საკითხებს.

ეს სტრატეგია მომავალში შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებისას – განსაკუთრებით უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე დაბრუნება რეალური ნაბიჯებით დაადასტუროს.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close