საბერძნეთში „არასრულწლოვანი“ იმიგრანტების ნახევარზე მეტი სრულწლოვანი აღმოჩნდა
რატომ აჩვენებენ თავშესაფრის მაძიებლები თავს არასრულწლოვანებად და როგორ ამოწმებს ბერძნული ხელისუფლება მათ ასაკს?
საბერძნეთის მიგრაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, პირველადი შემოწმებისას მიგრანტების ნახევარზე მეტი, ვინც თავი არასრულწლოვნად წარადგინა, სინამდვილეში სრულწლოვანი აღმოჩნდა.
უფრო კონკრეტულად კი, 104 შემთხვევიდან 59 შემთხვევაში დადგინდა, რომ პირები სრულწლოვანები იყვნენ. 10 არასრულწლოვანი აღმოჩნდა, 35-ის შემოწმების პროცესი კი მიმდინარეობს. მიგრანტების დიდმა ნაწილმა უარი თქვა შემოწმებაზე და ისინი ავტომატურად კლასიფიცირდნენ, როგორც სრულწლოვანები. ტესტირება ჩატარდა ახალი უწყებათაშორისი დირექტივის ფარგლებში, რომელიც აგვისტოში ამოქმედდა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანის სტატუსის ბოროტად გამოყენების აღკვეთას.
როგორ ხდება ასაკის შემოწმება
სამინისტროს განმარტებით, პროცესი მოიცავს სამსაფეხურიან შეფასებას:
- სამედიცინო გამოკვლევა – ტარდება ზოგადი და სტომატოლოგიური შემოწმება;
- ფსიქოსოციალური შეფასება – ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან ინტერვიუ, რომლის დროსაც განიხილება ინდივიდის მოწიფულობის დონე და ბიოგრაფიული მონაცემები;
- რენტგენოლოგიური ტესტი – მარცხენა ხელის მტევნისა და მაჯის რენტგენი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ე. წ. „ძვლის ასაკი“ (ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება კრიმინალისტიკაში, თუმცა ყოველთვის ზუსტი არ არის შედარებით დიდი ასაკის მოზარდების შემთხვევაში).
თუ სხვადასხვა მეთოდის შედეგები არ ემთხვევა, უპირატესობა ენიჭება რენტგენოლოგიურ დასკვნას – ეს ახალი ბერძნული პროტოკოლის ტექსტშიც არის აღნიშნული,
ასაკის შემოწმების მიზეზები
ბერძნული კანონმდებლობა განსაკუთრებულ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელი იმ პირებისთვის, რომლებიც ოფიციალურად აღიარებულნი არიან არასრულწლოვანებად: მათ ენიჭებათ განათლების, სამედიცინო მომსახურებისა და სპეციალიზებული საცხოვრებლის უფლება, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნა მათთვის პრიორიტეტულად განიხილება.
საბერძნეთის ხელისუფლების თქმით, შემოწმების ახალი სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ ეს უფლებები მხოლოდ იმ ადამიანებს მიენიჭოთ, რომლებსაც რეალურად არიან არასრულწლოვანები და თავიდან აიცილონ პრაქტიკა, როდესაც ზრდასრული პირები თავს არასრულწლოვანებად აცხადებენ, რათა განსაკუთრებულ პირობებში ყოფნის უფლება მიიღონ, მათ შორის, როგორიცაა: უკეთესი საცხოვრებელი პირობები, სწრაფი განხილვის პროცედურა და სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მხოლოდ მშობლების (ან სხვა ზრდასრული პირების) თანხლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს (UAMs) ეკუთვნით.
საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის, ტანოს პლევრისის თქმით, „მათთვის, ვინც ყალბ მონაცემებს აწვდის ხელისუფლებას, შედეგები ცალსახაა“ – ასეთ პირებს ზრდასრულთა განთავსების ცენტრებში გადაიყვანენ და შესაძლოა დაიწყოს გამოძიება ყალბი ინფორმაციის წარდგენის გამო, თუმცა ისიც აღინიშნება, რომ ამ ტესტირებების მიზანი არის არა დასჯა, არამედ გამჭვირვალობა და სიმართლის დადგენა, რადგან ხშირია პრაქტიკა, როდესაც 18-35 წლის მიგრანტი მამაკაცები თავს არასრულწლოვანად ასაღებენ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო.
ევროპული ფონი
ბოლო წლებში ევროკავშირის არაერთი ქვეყანა აწყდება მსგავს პრობლემას – ზრდასრული მიგრანტების მცდელობას, არასრულწლოვანებად წარმოაჩინონ თავი და ამ გზით მიიღონ დამატებითი დაცვის მექანიზმები. საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალური სამსაფეხურიანი ტესტირების პროტოკოლი შემოიღო, რათა უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მიდგომა უზრუნველყოს.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: ტანოს პლევრისი არალეგალურ იმიგრანტებზე: „კრეტაზე აუცილებლად გაიხსნება ბანაკი, შესაძლოა – ორი“




კომენტარები