პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

6 ნოემბერს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს კიდევ ერთი საერთაშორისო პრემია მიენიჭა – „თავისუფალი მედიის ჯილდო“ (Free Media Awards).
დაჯილდოების ცერემონიალი დღეს საღამოს გაიმართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში.
მზია ამაღლობელის ნაცვლად, რომელიც პატიმრობაში იმყოფება რუსთავის ქალთა კოლონიაში, ჯილდო მის კოლეგებსა და მეგობრება, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორებს, ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს გადასცეს.
პრემია Free Media Awards-ს ორი ფონდი, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation და გერმანული Zeit stiftung bucerius, გასცემს და მისი მიზანია ჟურნალისტების დამოუკიდებელი როლის ხაზგასმა და გაძლიერება.
ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. Free Media Award-ის მფლობელი უკვე არის მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებული ორივე გამოცემა – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
იგი თავისუფალი მედიის ჯილდოს იღებს ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის განმავლობაშიც მან ქვეყანაში ორი ყველაზე პოპულარული და სანდო საინფორმაციო პლატფორმა დააარსა: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. ეს საინფორმაციო პორტალები ქართულ ენაზე გამოიცემა. სხვადასხვა – რეპორტიორის, დამფუძნებლისა და დირექტორის – როლში მზია ამაღლობელი ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და არაეფექტიანი პოლიტიკური მმართველობის შემთხვევებს ამხელდა. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მუშაობის მთავარი ნაწილი გახდა, რომლებიც სამი მთავრობის დროს განიცდიდნენ დევნას. 49 წლის მზია ამაღლობელი გასული წლის იანვარში დააკავეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, როდესაც მან სტიკერის გაკვრა სცადა საერთოეროვნული გაფიცვისკენ მოწოდების მიზნით. გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, იგი ხელახლა დააკავეს სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აჭარაში პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნისთვის. აგვისტოში მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა იმ საქმეზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. რეალურად, იგი ისჯება რეჟიმის მრავალწლიანი კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავებისთვის. იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს. მან მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“, – ნათქვამია Free Media Awards-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია გადაეცა.




კომენტარები