საბერძნეთი: 75 წლის ქალი ძარცვისას საკუთარ სახლში მოკლეს

31 ოქტომბერს, გვიან საღამოს საბერძნეთის კუნძულ სალამინაზე, რომელიც ათენთან ახლოს მდებარეობს, სისხლიანი ძარცვა მოხდა, ლეტალური შედეგით. უცნობმა ბოროტმოქმედებმა 75 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლეს.
პოლიციის მონაცემებით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ ჩაამტვრიეს ფანჯრის მინა ბოროტმოქმედებმა და ქალის სახლში შეიჭრნენ.
„კათიმერინის“ ინფორმაციით, მოხუცი ქალი მისმა ქალიშვილმა აღმოაჩინა სახლში გარდაცვლილი და პოლიციას შეატყობინა.
მსხვერპლს თავის არეში ჰქონდა მიყენებული მძიმე ტრავმა. გამომძიებლების ვარაუდით, გარდაცვლილ მოხუცს თავში მინის ბოთლი ჩაარტყეს, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს.
75 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გარდაცვალება დაადასტურეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ ხანდაზმული ქალი სახლში მარტო იყო.
პოლიცია ინტენსიურად იძიებს საქმეს, სწავლობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და შესაძლო სამხილებს. რეგიონში მიმდინარეობს „ნადირობა“ მძარცველებზე ბოროტმოქმედთა ვინაობის დადგენისა და დაკავების მიზნით.
ნინო ხოშტარია




კომენტარები