
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკული კინოს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა — რობერტ რედფორდი. ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი საკუთარ სახლში, იუტის შტატში, პროვოში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ძილის დროს მშვიდად აღესრულა. მისი გარდაცვალება მსოფლიო კინოსთვის უდიდესი დანაკლისია.
ჰოლივუდის ოქროს ეპოქის სახე
რობერტ რედფორდი (Charles Robert Redford Jr.) დაიბადა 1936 წელს კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში. მსახიობის კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო და იგი მალევე იქცა ჰოლივუდის სიმბოლოდ. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:
- „ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი“(Butch Cassidy and the Sundance Kid, 1969)
- „როგორებიც ვიყავით“ (The Way We Were, 1973)
- „დიდი გეტსბი“ (The Great Gatsby, 1974)
- „კონდორის სამი დღე“ (Three Days of the Condor ,1975)
- „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (All the President’s Men, 1976) – ჟურნალისტი ბობი ვუდვორდი, ფილმეუოტერგეიტის სკანდალზეა.
- „აფრიკიდან“/ Out of Africa (1985) – მონადირე დენისი.
როგორც რეჟისორმა, რობერტ რედფორდმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ფილმით „ჩვეულებრივი ადამიანები“/Ordinary People (1980), რომელმაც ორი „ოსკარი“ მიიღო („საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისურა“).
2002 წელს კი მიიღო საპატიო „ოსკარი“ „სიცოცხლეში მოპოვებული წარმატებებისთვის“.
Sundance – დამოუკიდებელი კინოს ახალი ერა
1980 წელს რედფორდმა დააარსა Sundance Institute და Sundance Film Festival – პლატფორმა, რომელმაც მრავალი ახალგაზრდა რეჟისორის აღმოჩენას შეუწყო ხელი და დამოუკიდებელ კინოს ახალი სიცოცხლე შესძინა. დღეს Sundance-ი მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივად ითვლება.
რედფორდის დაუვიწყარი მოგზაურობა თბილისში
მნიშვნელოვანია, რომ ლეგენდარულმა მსახიობმა 1988 წელს თბილისიც მოინახულა. საკულტო ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას მოწვევით, რედფორდი ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატოვა ქვეყანა.
რედფორდი განსაკუთრებით მოხიბლა „სუხიშვილების“ კონცერტმა, სადაც დარბაზი მას აპლოდისმენტებით შეეგება, თავად კი აღფრთოვანებით საუბრობდა ქართულ ცეკვაზე.
მსახიობმა მოიარა ძველი თბილისი და დეზერტირების ბაზარი, სადაც ქართული სუნელები დააგემოვნა და ტრადიციული პურის ცხობასაც დაესწრო. ამბობენ, რომ თავადაც სცადა თონეში პურის ჩაკვრა და ისე გადაიწია, რომ კინაღამ შიგ ჩავარდა, თუმცა ელდარ შენგელაიამ შეაშველა ხელი.
ადგილობრივმა ვაჭრებმა, რომლებისგანაც რედფორდმა პროდუქცია შეიძინა, უარი თქვეს ფულის მიღებაზე ლეგენდარული მსახიობის მიმართ პატივისცემის ნიშნად, რამაც იგი სასიამოვნოდ გააოცა.
ჰოლივუდის ლეგენდების რეაქციები
რობერტ რედფორდის გარდაცვალებას მსოფლიო ვარსკვლავები ემოციურად გამოეხმაურნენ:
მერილ სტრიპი: „ლომი წავიდა. მშვიდობით, ჩემო ძვირფასო მეგობარო“.
ჯეინ ფონდა: „შეუჩერებლად ვტირი… ის არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მთელი ეპოქა“.
ბარაბრა სტრეიზანდმა მათი თანამშრომლობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რედფორდი იყო „ადამიანისა და ხელოვნების ერთიანობა“.
მემკვიდრეობა
რობერტ რედფორდის მემკვიდრეობა სცილდება ეკრანს. იგი კინემატოგრაფიის ისტორიას დარჩება არა მხოლოდ, როგორც მსახიობი და რეჟისორი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი სივრცე კინოსთვის, მხარი დაუჭირა ახალგაზრდა ავტორებს და კულტურათა შორის დიალოგს.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: რობერტ რედფორდის „გასაიდუმლოებული“ ვიზიტი თბილისში
კომენტარები