2025 წლის აგვისტოს მაგნიტური ქარიშხლები – პროგნოზი, გავლენა ჯანმრთელობაზე და თავდაცვის გზები

მას შემდეგ, რაც ივლისში მაგნიტურმა შტორმებმა მთელი პლანეტის მაცხოვრებლები შეაწუხა, ზაფხულის ბოლო თვეში შედარებითი სიმშვიდეა მოსალოდნელი. 2025 წლის აგვისტოსთვის სპეციალისტები განსაკუთრებული გეომაგნიტურ დარღვევებს არ პროგნოზირებენ. მაგნიტოსფეროს აღგზნება თვეში მხოლოდ რამდენჯერმეა მოსალოდნელი.
2025 წლის აგვისტოს მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი
10-ბალიანი სკალით
1-6 აგვისტო – 2-3 ბალი (მშვიდი მაგნიტური ველი)
7-8 აგვისტო – 4 ბალი (აღგზნებული მაგნიტოსფერო)
9-18 აგვისტო – 2-3 ბალი (მშვიდი მაგნიტური ველი)
19-20 აგვისტო – 4 ბალი (აღგზნებული მაგნიტოსფერო)
21-27 აგვისტო – 2-3 ბალი (მშვიდი მაგნიტური ველი)
28-30 აგვისტო – 4 ბალი (აღგზნებული მაგნიტოსფერო)
როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შეიძლება თვის განმავლობაში შეიცვალოს.
რა უნდა ვიცოდეთ მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაციაზე:
•1-3 ბალი – მშვიდი მაგნიტოსფერო, უმნიშვნელო აქტივობა;
• 4 ბალი – აღგზნებული მაგნიტოსფერო, შესაძლო გავლენა მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე;
• 5 ბალი – მსუბუქი მაგნიტური ქარიშხალი: G1 კლასი (სუსტი, თითქმის არაფერზე მოქმედებს);
• 6-7 ბალი – ძლიერი ქარიშხლები: G2 (საშუალო) და G3 (ძლიერი), ყველა ადამიანი გრძნობს გავლენას;
• 8-9 ბალი – უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლები: G4 (ძალიან ძლიერი) და G5 (ექსტრემალურად ძლიერი); შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები ელექტროქსელებში და რადიოკავშირში (იშვიათად ფიქსირდება).
მეცნიერების პოზიცია: როგორ ჩნდება მაგნიტური შტორმები?
მზე – ეს არის გაზისა და პლაზმისგან შემდგარი გიგანტური სფერო, რომლის დაახლოებით 91 პროცენტი წყალბადია. ბირთვული სინთეზის დროს, მზის ძლიერი სიცხისა და გრავიტაციის ზემოქმედებით, წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება. როდესაც პლაზმა ზემაღალ ტემპერატურას აღწევს, მასში იმდენი ენერგია გროვდება, რომ მზეზე აფეთქებები და მისი მასის კორონალური გამოფრქვევები ხდება.
ამ დროს იონიზებული ნაწილაკები და პლაზმის ღრუბლები მზის გრავიტაციას თავს აღწევენ და კოსმოსში მიიჩქარიან, რაც ე. წ. მზის ქარს წარმოქმნის. დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევის შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც შთამბეჭდავი ჩრდილოეთის ნათება, ისე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები.
ვინაიდან მზის ქარი დამუხტული ნაწილაკებისგან შედგება, ის დედამიწის მაგნიტურ ველში დარღვევებს იწვევს, თუმცა მაგნიტური ქარიშხალი ყოველთვის არ ვითარდება, რადგან
ნაწილაკების გროვები ყოველთვის არ ეცემა დედამიწას, ამიტომ იმის პროგნოზირება, რომ მზის აალებებს აუცილებლად მოჰყვება მაგნიტური ქარიშხალი, შეუძლებელია. ზოგჯერ აფეთქება ძალიან ძლიერია, მაგრამ დამუხტულ ნაწილაკთა გროვები გვერდით ჩაუვლიან ან სულაც ასცდებიან ჩვენს პლანეტას. რაც უფრო ძლიერია აფეთქება და რაც უფრო პირდაპირ მოხვდება დამუხტული ნაწილაკების ნაკადი დედამიწას, მით ძლიერია მაგნიტური შტორმიც.
მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეზე მიმდინარე პროცესებს, რათა დროულად გააფრთხილონ საზოგადოება – განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მზის აქტივობა მზარდ ფაზაშია.
ჯანმრთელობაზე გავლენა – ვინ უნდა იყოს ფრთხილად?
კვლევების მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ კავშირს მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. მაგნიტური ველები შეიძლება მოქმედებდეს ადამიანის ბიოელექტრულ სისტემებზე, ამიტომ ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მაგნიტური ქარიშხლები ზრდის თრომბების, ინსულტის, ინფარქტისა და დეპრესიული აშლილობების რისკს.
განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები:
- 60 წელს გადაცილებული პირები ჰიპერტონიის პრობლემით;
- მოციმციმე არითმიის მქონე ადამიანები;
- დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცები.
ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრების/კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- აკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან იქონიეთაუცილებელი მედიკამენტები;
- თავიდან აიცილეთ სტრესი და უარყოფითი ემოციები;
- უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- მიიღეთ მეტი წყალი (1,5-2 ლიტრი), აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ ან თაფლით დამტკბარი;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბავშვები და მაგნიტური ქარიშხალი: რატომ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული ზრუნვა?
მეცნიერული დაკვირვებები აჩვენებს, რომ გეომაგნიტური დარღვევები განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ხშირია:
- ძილის რეჟიმის დარღვევა;
- მოუსვენრობა და აგრესია;
- მადის დაკარგვა;
- სიცხე და კონცენტრაციის დაქვეითება.
ამ პერიოდში ბავშვს სჭირდება მეტი მხარდაჭერა როგორც ოჯახისგან, ისე პედაგოგებისგან!
თუკი მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიშვას.
გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს!
ნინო ხოშტარია
კომენტარები