მსოფლიოჯანმრთელობასაზოგადოება

მალე საფრანგეთის პლაჟებზე, ტყეებსა და პარკებში, აგრეთვე, სკოლების სიახლოვეს მოწევა აიკრძალება

საფრანგეთის მთავრობამ გამოაქვეყნა „თამბაქოს საწინააღმდეგო გეგმა“ (“Plan anti-tabac”) 2023-დან 2027 წლამდე. გარდა იმისა, რომ 2027 წლამდე სიგარეტის კოლოფის ფასი თანდათან გაიზრდება, ეს ეროვნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოწევის აკრძალვას საფრანგეთის ყველა პლაჟზე 2024 წლიდან.

„თამბაქოს საწინააღმდეგო“ 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში, მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის მოწევა აიკრძალება, აგრეთვე, სკოლების სიახლოვეს, სახელმწიფო ტყეებსა და საჯარო მწვანე სივრცეებში.

საფრანგეთში უკვე არსებობს „თამბაქოსგან თავისუფალი“ 7200  ზონა, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ არის განსაზღვრული. მათ შორისაა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ტყეები, სადაც ხანძრის გაჩენის რისკი მაღალია.

„თამბაქოს საწინააღმდეგო პროგრამის“ წარდგენისას საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ორელიან რუსომ განაცხადა, რომ ეს არის მთავრობის გეგმის ნაწილი, რომელიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების აღსაკვეთად შემუშავდა. მინისტრის განცხადებით, „გეგმის მიზანია, 2032 წლისთვის ქვეყანაში იყოს თამბაქოსგან თავისუფალი თაობა“.

საფრანგეთში 12 მლნ  მწეველია და მოწევა ყოველწლიურად 75 ათასი სიკვდილის შემთხვევის მიზეზი ხდება, ანუ გარდაცვალების ყოველი 8 შემთხვევიდან ერთი თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.

რუსომ ასევე აღნიშნა, რომ სიგარეტის ღირებულება თანდათანობით გაიზრდება და 2025 წლისთვის ერთი კოლოფი 12 ევროს, 2027 წლისთვის კი – 13 ევროს მიაღწევს.

ამასთან ერთად, „ანტითამბაქო“ პროგრამა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგაც არის მიმართული.

საფრანგეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება აკრძალვის აღსრულება და დაეკისრებათ თუ არა ჯარიმები დამრღვევებს.

ცნობისათვის, მექსიკამ მთლიანად აკრძალა მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, სასტუმროებსა და პლაჟებზე. მექსიკაში მოწევა დასაშვებია მხოლოდ კერძო სახლებსა და კერძო ღია სივრცეებში. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს თამბაქოს წინააღმდეგ. Reuters-ის ცნობით, მწეველ ტურისტებს 50-დან 300 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ, თუ ისინი საჯარო სივრცეში მოუკიდებენ სიგარეტს. ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, შესაძლოა 36 საათამდე პატიმრობასაც გამოჰკრას ხელი.

მექსიკის მსგავსი შეზღუდვები უკვე მიიღეს საბერძნეთმა, ირლანდიამ, მალტამ და უნგრეთმა.

ზოგიერთმა ქალაქმა, როგორიცაა, მაგ., ბარსელონა, ასევე, აკრძალა მოწევა პლაჟებზე, რათა თავიდან აიცილოს სიგარეტის ნამწვებით სანაპიროს დაბინძურება. ესპანეთის 3514 პლაჟიდან 100-ზე მეტმა აკრძალვა გასული წლის პირველ ივლისს შემოიღო, მათ შორის, კოსტა დელ სოლსა და ბალეარის კუნძულებზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close