კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში მოლდოვის უმდიდრესი ადამიანი დააკავეს – მას ბრალი ედება „საუკუნის ძარცვაში“ 

საბერძნეთის პოლიციამ მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, პარლამენტის ექსდეპუტატი ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავა. ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტერპოლისგან მიიღეს ინფორმაცია ათენში მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელთაგან ერთი არის ვლადიმერ პლახოტნიუკი. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა, მოლდოვური მედიის ცნობით, პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ. მათივე ინფორმაციით, პლახოტნიუკი საბერძნეთიდან დუბაიში აპირებდა გამგზავრებას.

რას ედავებიან ვლადიმერ პლახოტინიუკს

ივლისში მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ პლახოტნიუკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს.

ვლადიმერ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, 2019 წლის ივნისში – მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა – აშშ-ში გაიქცა.

თუმცა 2020 წლის იანვარში აშშ-მა მას სანქციები დაუწესა და, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ იგი ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა.

საქმე, რომელშიც პლახოტნიუკს ედება ბრალი, ქვეყანაში „საუკუნის ძარცვად“ არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.

სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.

მოლდოვის პროკურატურაში ამბობენ, რომ როგორც კი ბრალი მომზადდება და ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა საბერძნეთიდან მის ექტრადირებას მოითხოვს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრადირების პროცედურა უკვე დაიწყო.

მოლდოვაში პლოხოტნიუკის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებშია გაცემული დაკავების ორდერი. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ვლადიმერ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს – კონსტანტინ ცუცუს, მოლდოვაში მას უკანონო გამდიდრებასა და დეკლარაციაში შემოსავლების შესახებ ცრუ ინფორმაციის მითითებაში სდებენ ბრალს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close