ქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

„ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ“ – ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროს ინტერვიუ მისცა. კვარაცხელიამ საქართველოს მიმართ თავის გრძნობებზე, „ჩემპიონთა ლიგის“ მოახლოებულ ფინალზე და „ნაპოლიზე“ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ჩემპიონატის მოგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი და სირთულეებით სავსე იყო, თუმცა ყველაფერი გადავლახე.

საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რამე გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.

ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. „ინტერთან“ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ.

მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას „ნაპოლი“ ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი „სკუდეტოს“ მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება – მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ  ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ 31 მაისს შეხვდება მიუნხენში. „ალიანც არენაზე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

„ინტერს“ მანამდე კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის. იტალიის ჩემპიონატის 2024-2025 წლის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის ლიდერი „ნაპოლია“ – მას 79 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ინტერს“, ასე რომ, თეორიულად ორივე გუნდი ინარჩუნებს „სკუდეტოს“ მოგების შანსს. ყველაფერი ხვალ გაირკვევა, როდესაც ბოლო, 38-ე ტურის მატჩები დამთავრდება.

23 მაისს „ინტერი“ „კომოს“ ხვდება სტუმრად, „ნაპოლი“ კი საკუთარ მოედანზე, „სტადიო მარადონაზე“ „კალიარის“ უმასპინძლებს. თუ „ნაპოლი“ მოიგებს, ის ჩემპიონი გახდება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ წააგებს, ხოლო „ინტერი“ მოიგებს ან შეხვედრას ფრედ დაამთავრებს, მაშინ „ინტერი“ იზეიმებს იტალიის ჩემპიონობას, რადგან ბურთების შეფარდებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს. „ინტერი“ ჩემპიონი გახდება იმ შემთხვევაშიც, თუ „ნაპოლი“ ფრედ დაამთავრებს შეხვედრას, თავად კი მოიგებს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – ორივე შეხვედრა  23 მაისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

ნიცა და პატარა დამიანე საფრანგეთის ჩემპიონობას კვარასთან ერთად ზეიმობენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close