
15 წლის ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტმა ბერლინის კონცერტჰაუზის ისტორიულ დარბაზში ტრიუმფით ჩაიარა.
ქართველ „მოცარტად“ წოდებულმა ვირტუოზმა მუსიკოსმა სოლო კონცერტი კომპანია Bernstein-ის ორგანიზებითა და ლიზა ბათიაშვილის ფონდის მხარდაჭერით გამართა.
ცოტნე ზედგინიძემ ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანისა და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა. ბერლინელმა მაყურებელმა ცოტნე ფეხზე დამდგარმა, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
ცოტნე ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის, ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია.
„ერთი წლის ასაკიდან უკვე ისეთი გატაცებით უსმენდა კლასიკურ მუსიკას, გვიკვირდა. ორწლინახევრის იყო, როსინის და მოცარტის ოპერებს რომ უსმენდა, ამბობდა ხოლმე, ახლა შემოვა ვიოლინოო… იმპროვიზებით 6 წლიდან დაინტერესდა. მერე და მერე ამ იმპროვიზაციამ გამოავლინა მისი საკუთარი მუსიკალური ენა.
…ცოტნე დღეში რამდენიმე იმპროვიზაციას ქმნიდა, ბოლო ერთ წელზე მეტია ფორტეპიანოზე უკრავს, არჩევდა და ასრულებდა საოპერო კლავირებს. წერს სიუჟეტებს, იგონებს საოპერო დადგმებს. დარბის, ხელებს იქნევს, მეუბნება, ბები, იცი რა კვარტეტი დავწერე ახლაო… ეს პროცესი მისთვის ჰაერივით აუცილებელია“, – ამბობს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ცოტნეს გამზრდელი ბებია, თავადაც მუსიკოსი და პიანისტი ნინო მამრაძე.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: „საოცარი“, „ფენომენალური”, „უნიკალური”… – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო
კომენტარები